აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს!

12 მაისს, მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ამავდროულად, აღინიშნება ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული, რომელიც 2018 წელს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაწესდა. მისი აღნიშვნის თარიღად დადგინდა 12 მაისი, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული,  პეტრე მოციქულის ხორციელი ძმა, მოციქულთაგან პირველია, რომელსაც უფალმა იესო ქრისტემ სამოციქულო მსახურებისათვის მოუწოდა, ამიტომ იხსენიება იგი პირველწოდებულად.

წმინდა ანდრიას ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს კი მისი გარდაცვალება.

დღეს, ასევე, XVII-XVIII საუკუნეებში დუდიკვათსა და პაპათში (ამჟამად თურქეთის ტერიტორია) ქრისტეს სარწმუნოებისათვის მუსლიმთაგან წამებული მართლმადიდებელი ლაზების (300 მხედარის, საულიერო პირების და სხვების) ხსენების დღე აღინიშნება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო  გილოცავთ ამ დიდ საეკლესიო  დღეს სრულიად საქართველოს, აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს.გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმშვიდეს და სულიერ სიმტკიცეს. ანდრია მოციქულის მფარველობა და შემწეობა არ მოგკლებოდეთ თითოეულ თქვენგანს და მთელ საქართველოს!

უფალი გფარავდეთ!

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions