გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის  დღეს!აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო სრულიად საქართველოს ულოცავს ჩვენი სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა სანუკვარ  მიზანს მიაღწია და საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკის სახით აღდგა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 26 მაისის შემოქმედთა შორის უაღრესად დიდია აფხაზეთის მკვიდრი პოლიტიკური მოღვაწეების როლი და დამსახურება. 1918 წლის 26 მაისის „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს“ ხელს აწერდნენ აფხაზეთში დაბადებული და იქ მოღვაწე ქართველი, აფხაზი, სხვა ეროვნების წარმომადგენლები: აკაკი ჩხენკელი, ვალიკო ჯუღელი, არზაყან ემუხვარი, ვარლამ შარვაშიძე, ვასილ გურჯუა, ივანე ფაშალიდისი, დიმიტრი ზახაროვი. აღსანიშნავია, რომ აკაკი ჩხენკელი 1918 წელს გახლდათ ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე. სწორედ მისი ინიციატივითა და კატეგორიული მოთხოვნით დაადგა საქართველოს ეროვნული საბჭო სიცოცხლისუუნარო ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების გზას, რომელიც 26 მაისს წარმატებით დაგვირგვინდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა ავტონომიური აფხაზეთი თავისი დემოკრატიულად არჩეული პარლამენტითა (სახალხო საბჭო) და მის მიერ დანიშნული მთავრობით (კომისარიატი). ეს  ისტორიული ფაქტი ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ქართველებმა და აფხაზებმა გამონახეს ერთიან სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრების იმ დროისათვის მისაღები ფორმა. ეჭვიც არ გვეპარება, რომ ისტორიული გამოცდილებისა და თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით ქართველები და აფხაზები კვლავაც მოახერხებენ მშვიდობიანი მეთოდებით საქართველოს გაერთიანებას, ერთიანი სახელმწიფოს აშენებას.

თითოეულ თანამემამულეს გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურებთ მშვიდობიან, დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოში ცხოვრებას.

პატივისცემით,

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

ჯემალ გამახარია

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions