ისტორია
უკან დაბრუნებააფხაზეთი არის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდ. ენგურსა და ფსოუს შორის. ფართობი - 8,7კვ/კმ, დედაქალაქი – სოხუმი.
* * *
ქართული სახელმწიფოებრიობა, სულ ცოტა, 35 საუკუნოვან ისტორიას ითვლის. ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან არსებული ლეგენდარული კოლხეთის სამეფო მოიცავდა საქართველოს თანამედროვე ტერიტორიის მეტ ნაწილს, მათ შორის აფხაზეთს. იმ პერიოდიდან ქართველებით დასახლებული აფხაზეთის ამჟამინდელი ტერიტორია უწყვეტად შედიოდა ერთიანი ქართული სახელმწიფოს ან ცელკეული ქართული პოლიტიკური ერთეულების (ეგრისი, ლაზიკა და სხვ.) შემადგენლობაში.
ძველქართული მატიანე - “ქართლის ცხოვრება” იწყება ცნობით კავკასიელ ხალხთა ეპონიმების შესახებ. ამ მატიანის მიხედვით, ტერიტორია ლიხის (სურამის) მთებიდან შავ ზღვამდე და მდ. მცირე ხაზარეთამდე (ყუბანი) წილად ხვდა ეგროსს - დასავლელი ქართველების (ეგრების) ეპონიმს.ძველი მწერლებისთვის კარგად ცნობილი აფხაზები “ქართლის ცხოვრებაში” წარმოდგენილი არიან არა უცხო ხალხად, არამედ დასავლელ ქართველთა ორგანულ ნაწილად. ზუსტად იგივე შეხედულება ჰქონდა ანტიკური ხანის თუ შუასაუკუნეების უკლებლივ ყველა რომაულ-ბიზანტიურ ავტორს, ვინც მსოფლიოს ხალხთა გენეოლოგიაზე წერდა. ისინი იცნობდნენ I-II საუკუნეებიდან წყაროებში მოხსენიებულ აფსილებს და აბაზგებს (რომლებსაც ზოგიერთი ავტორი შეცდომით თანამედროვე აფხაზთა წინაპრებად მიიჩნევს), მაგრამ მსოფლიოს ხალხთა ჩამონათვალში მათ ნაცვლად კოლხებს//ლაზებს//ეგრებს ანუ დასავლელ ქართველებს უთითებდნენ. დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიის ჩათვლით, არქეოლოგები ერთიან ქართულ (კოლხურ) კულტურას აფიქსირებენ. აფხაზეთში ავტოქტონური ქართული მოსახლეობის მკვიდრობის შესახებ მეტყველებენ ანტროპოლოგიის, ლინგვისტიკისა და ეთნოლოგიის მონაცემები.
სწორედ დასავლელმა ქართველებმა შექმნეს აფხაზეთის სამეფო დედაქალაქით ქუთაისში (VIIIს. დასასრული – Xს.). ამ სამეფოს მთელი პოლიტიკური და, რაც განსაკუთრებით ნიშანდობლივია, ჩვენამდე მოღწეული მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა არის მხოლოდ ქართული. არაქართული ეთნოსის მოღვაწეობის არანაირი კვალი არ ჩანს აფხაზეთის სამეფოს იმ ნაწილშიც კი, რომელსაც აფხაზეთის საერისთავო ეწოდებოდა და ანაკოფიის (თან. ახალი ათონი) ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა. ამ საერისთავოს ფარგლებში, კერძოდ, ბიჭვინთაში იმყოფებოდა VIII-X და XV-XVIII საუკუნეებში ავტოკეფალური (სხვა დროს კი მცხეთას დაქვემდებარებული) დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) საკათოლიკოსო კათედრა. ისტორიაში კარგად არის ცნობილი აფხაზეთის კათოლიკოსების ვინაობა – ყველა ქართველი იყო. უფრო მეტიც, ცნობილია აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიის ფარგლებში მცხოვრები აფხაზეთის საკათოლიკოსო გლეხების (XVI-XVIIსს.) ასობით გვარი და სახელი, რომელიც ასევე მთლიანად ქართულია.
აფხაზეთის სამეფო წარმოადგენდა იმ ძირითად ბირთვს, რომელმაც გააერთიანა საქართველო. ერთიანი სახელმწიფოს სათავეში იდგნენ აფხაზური (დასავლურ ქართული) სამეფო დინასტიის წარმომადგენლები. XI ს. დასაწყისში ქართულ ენაზე შედგენილი უნიკალური ისტორიული წყაროს “აფხაზ მეფეთა დივანის” მონაცემები ადასტურებენ ამ მეფეთა ეროვნულ კუთვნილებას, მათ ქართველობას. იგივეს ამტკიცებენ აფხაზეთის მეფეთა ან მათი სახელით შესრულებული მრავალრიცხოვანი ქართული წარწერები (არ არსებობს აფსუურ-აფხაზურ ენაზე შესრულებული რაიმე წარწერა). გაერთიანებული საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი XIV ს. შუახანებამდე მაინც აღწევდა ნიკოფსიამდე (V საუკუნემდე ძველი ლაზიკა ერქვა). რომელიც ქ. ტუაფსეს ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა. ამ სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალ აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიაზე განვითარების მაღალ დონეს მიაღწია მხოლოდ ქართულმა კულტურამ. ამავე დროს, აღნიშნულ რეგიონში არაქართული მოსახლეობის, მათ შორის აფსუების (დღევანდელ აფხაზთა თვითსახელწოდება) პოლიტიკური და კულტურული მოღვაწეობის კვალი არ შემორჩენილა. შიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ XIIს. მეორე ნახევრიდან მონღოლთა მოწოლის შედეგად აფსუები (I საუკუნეში პლინიუს უფროსი ამ ხალხს ასტრახანის ჩრდილოეთით აფიქსირებს აბზოას სახელით), დაიძრნენ რა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, შემოვიდნენ საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში, მაგრამ ჯერ ვერ მიაღწიეს აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიამდე.
მონღოლთა ასწლოვანი ბატონობის პერიოდში (XIIIს. შუახანებიდან XIV ს. შუახანებამდე) იწყება ერთიანი ქართული სახელმწიფოს დეზინტეგრაციის პროცესი. ჯერ წარმოიშვა იმერეთის სამეფო (აფხაზეთის სამეფოს სამართალმემკვიდრე), რომლის შიგნით დაიწყეს გამოცალკევება სამეგრელოსა და გურიის სამთავროებმა. სამეგრელოს სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა აფხაზეთის საერისთავო, რომელიც მოიცავდა ტერიტორიას ანაკოფიიდან მდ. ბზიფამდე (დაახლოებით, თანამედროვე გუდაუთის რაიონის ტერიტორიას). სახელგანთქმულმა მეფემ გიორგი V ბრწყინვალემ (1313-1346წწ.) ქვეყანა მონღოლთა უღლისგან გაანთავისუფლა და კვლავ გააერთიანა სრულიად საქართველო ნიკოფსიამდე. აფხაზეთის საერისთავო, როგორც სამეგრელოს სამთავროს ნაწილი, ამჯერადაც ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. გიორგი V ბრწყინვალეს მემკვიდრეებმა, განსაკუთრებით ალექსანდრე I-მა (1412-1443წწ), შეინარჩუნეს და განამტკიცეს ქვეყნის ერთიანობა. მის ფარგლებში იყო მოქცეული აფხაზეთის საერისთავო-დღევანდელი გუდაუთის რაიონი. ანაკოფია, ქ. ცხუმი და მათი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდ. ენგურამდე მდებარე მიწები სამეგრელოს სამთავროს ორგანულ ნაწილს წარმოადგენდნენ, რასაც მოწმობენ მრავალრიცხოვანი ქართული და უცხოური, მათ შორის რუსული წერილობითი თუ კარტოგრაფიული წყაროები. მათგან შიძლება გამოვყოთ მასალები ცხუმში//სოხუმში გენუელთა სავაჭრო ფაქტორიის მოღვაწეობის შესახებ (1354-1475წწ.). ისინი ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებენ, რომ გენუელებს ცხუმში ურთიერთობა ჰქონდათ მხოლოდ სამეგრელოს (“ქვემო ივერიის”) მთავრებთან და ადგილობრივ ქართულ მოსახლეობასთან.
XV ს. ბოლოსთვის საქართველოს სახელმწიფო რამდენიმე სამეფოდ და სამთავროდ დაიშალა. აფხაზეთის საერისთავო, რჩებოდა რა სამეგრელოს სამთავროს შემადგენლობაში, სხვა საერისთავოების მსგავსად, მეტი თავისუფლებისთვის იბრძოდა. XVI ს. შუახანებისთვის აფხაზეთის მფლობელებმა თურქეთისა და მისი გავლენის ქვეშ მყოფი წარმართი (ნაწილობრივ მაჰმადიანი) მთიელების დახმარებით თავიანთი მდგომარეობა განიმტკიცეს. იმ პერიოდში მთიელთა მასობრივმა ჩამოსახლებამ მთლიანად შეცვალა აფხაზეთის საერისთავოს – ანაკოფიიდან მდ. ბზიფამდე მდებარე ტერიტორიის – მოსახლეობის ეთნიკური სურათი. შექმნილ ვითარებაში აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი იძულებული გახდა აფხაზეთის საერისთავო დაეტოვებინა და საკათოლიკოსო რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადაეტანა. ფუნქციონირება შეწყვიტეს საერისთავოს ტერიტორიაზე მოქმედმა საკმაოდ მრავალრიცხოვანმა ეკლესიებმა და მონასტრებმა. აფხაზეთის საერისთავოზე სრული კონტროლის აღდგენა სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა (1611-1657წწ.) მოახერხა. მანვე ქრისტიანობის აღდგენის მიზნით საერისთავოს ახალი მოსახლეობა (40 ათას კაცამდე) მონათლა და მათ ეპისკოპოსიც დაუნიშნა.
XVI-XVII საუკუნეებში ქართული სამეფო-სამთავროები, რომლებიც 1555 წლიდან ირანმა (ერგო აღმოსავლეთ საქართველო) და თურქეთმა (ერგო დასავლეთ საქართველო) გადაინაწილეს, ამაოდ ცდილობდნენ ერთმორწმუნე რუსეთთან მეგობრული, სამფარველო ურთიერთობების დამყარებას. 1638წ. 12 დეკემბერს რუსეთის მეფემ მიხეილ თევდორესძეს ძემ მოსკოვში სამეგრელოს ელჩი მიიღო, 1639 წ. ნოემბრიდან 1640 წ. მაისამდე კი სამეგრელოში რუსი ელჩები სტუმრობდნენ. ამ უკანასკნელთა მიერ შედგენილი ანგარიშები (გამოიცა 1888 და 2005 წლებში) აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიაზე არსებული ეთნოპოლიტიკური სიტუაციის მკაფიო სურათს გვიხატავენ. ისინი დამაჯერებლად ამტკიცებენ, რომ XVIIს. შუახანებისთვის სამეგრელოს სამთავროს ეთნიკური საზღვარი, სულ ცოტა, კელასურამდე მაინც აღწევდა (სამეგრელოში მოგზაურობისას, რუსმა ელჩებმა დრანდის მონასტერიც დაათვალიერეს), დადიანების პოლიტიკური ძალაუფლება კი თანამედროვე აფხაზეთის მთელს დანარჩენ ტერიტორიაზეც ვრცელდებოდა (მოსკოვში მყოფი სამეგრელოს ელჩის ინფორმაციით, სამეგრელოსა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი, რომელსაც ლევან II დადიანი ნიშნავდა, ბიჭვინთაში იჯდა). ელჩობის მასალებში არაფერია ნათქვამი აფსუა-აფხაზებზე, თუმცა რუსმა ელჩებმა მოიარეს მთელი სამეგრელო, მათ შორის ამჟამად უკვე აფხაზეთის შემადგენლობაში შემავალი გალის, ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონები. რუსეთის ხელმწიფე მიხეილ თევდორეს ძე 1639წ. 30 მაისის სიგელში ლევან II დადიანისადმი სამეგრელოს, რომელიც მაშინ აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიასაც მოიცავდა, ივერიის ქვეყანას უწოდებს. საპასუხო სიგელში (1640წ. 15 მაისი) ლევან II დადიანი რუსეთის ხელმწიფეს აცნობებდა, რომ ის იმყოფება “ივერიის ქვეყნის სამეგრელოს მხარეში”. ამრიგად, აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორია რუსეთმა პირველად ოფიციალურად გაიცნო როგორც ივერიის ქვეყნის ნაწილი.
XVII ს. 70-იანი წლების დასაწყისამდე ცხუმთან ახლოს ფუნქციონირებდა სამეგრელოს Mმთავრების საფორტიფიკაციო ნაგებობა – ე.წ. კელასურის კედელი. ის აღნიშნულია XVII ს. პირველ ნახევარში სამეგრელოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერების არქ. ლამბერტისა და ქრისტ. კასტელის მიერ შედგენილ რუკებზე შემდეგი წარწერით: `60 ათასი ნაბიჯის კედელი აბაზთა თავდასხმების შესაჩერებლად~. XVI-XVII საუკუნეებში აფხაზეთში დამკვირვებელი აფსუა-აბაზები (როგორც აფხაზეთში მცხოვრებთ, ქართველები მათ აფხაზებს უწოდებდნენ) შერვაშიძეების ხელმძღვანელობით ნამდვილად ესხმოდნენ თავს სამეგრელოს, ცდილობდნენ რა საერისთავოს საზღვრების გაფართოებას და მთავრის ძალაუფლებისგან განთავისუფლებას. იმავდროულად, აფხაზეთის მფლობელები საკუთარ თავს საქართველოს სახელმწიფოს მიაკუთვნებდნენ და ქართველ მეფეებს უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ. მაგალითად, 1661 წელს, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოს მეფემ ვახტანგ V (შახნავაზი) დროებით ქვეყნის დასავლეთი ნაწილიც დაიქვემდებარა, აფხაზეთის მფლობელებმა სრული მორჩილება გამოუცხადეს მეფეს, ამ უკანასკნელის ბრძანებით, ასევე – სამეგრელოს მთავარს.
შემდგომ წლებში ვითარება ქვეყანაში შეიცვალა. თურქეთისა და ირანის მიერ გაყოფილი საქართველოს გაერთიანება ვერ მოხერხდა, გამწვავდა ძირითადად გარედან ინსპირირებული შიდაომები. სამეგრელოს ძვირად დაუჯდა რუსი ელჩების მიღება, აგრეთვე თურქების წინააღმდეგ მებრძოლი რუსი კაზაკებისთვის დახმარების აღმოჩენა. ცდილობდა რა სამეგრელოს იზოლირებას რუსეთისაგან, თურქეთმა გააქტიურა მასზე თავისი მოკავშირე მთიელების თავდასხმები. დადიანებთან დაპირისპირებაში შერვაშიძეებიც მთიელებს ეყრდნობოდნენ. XVII ს. 80-იანი წლების დასაწყისში სამეგრელოს სამთავრო ტახტისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში ჩართულმა თავადმა აფხაზეთიდან სავარეხ (სორექ) შარვაშიძემ სწორედ მთიელთა დახმარებით მიაღწია წარმატებას და მდ. ენგურამდე ტერიტორიას დაეუფლა და მას სამეგრელოს მთავრის ტიტულით მართავდა. ვინაიდან მან ვერ შეძლო დანარჩენი სამეგრელოს დაკავება, მდ. ენგურამდე მდებარე მიწები მალე აფხაზეთის ნაწილად გამოცხადდა. დაპყრობილი ტერიტორიის ახლადმოვლენილმა მფლობელებმა, უპირველს ყოვლისა, ქართული თავადაზნაურობისა და სამღვდელოების წარმომადგენლები გაანადგურეს, სასტიკად გაუსწორდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომლის დიდი ნაწილი მონებად და დევნილებად აქციეს ან ტყვედ გაყიდეს; დაკავებულ ტერიტორიაზე აბაზები, ყაბარდოელები და სხვა მთიელები ჩამოასახლეს: დაანგრიეს ან ფუნქციონირება შეწყვიტეს საუკუნეების განმავლობაში შექმნილმა ქართულმა ეკლესია-მონასტრებმა, მათ შორის ზოგადქართული მნიშვნელობის კულტურულმა ცენტრებმა _ ბიჭვინთის საკათალიკოსო კათედრამ, დრანდისა და მოქვის საეპისკოპოსო კათედრებმა, აგრეთვე ქართული წარწერებით შემკულმა ლიხნის, ანუხვის, ანაკოფიის, წებელის, ქიაჩის, ჭალას (ჭლოუ) და სხვა ეკლესიებმა; ჯერ გაძარცვეს და მერე საერთოდ მოშალეს ბიჭვინთის საკათოლიკოსოს კუთვნილი მეურნეობები. მხოლოდ მდინარეების ენგურ-ღალიძგის მონაკვეთზე, რომელიც XVIII საუკუნის დასაწყისში კვლავ დადიანების გამგებლობაში დაბრუნდა, მოხერხდა ბედიისა და ილორის მოქმედი ტაძრების შენარჩუნება.
აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიაზე კავკასიელი მთიელების გვიან ჩამოსახლების ფაქტი, სეპარატისტული ისტორიოგრაფიის მტკიცების საპირისპიროდ, დაფიქსირებულია XVIII-XIX საუკუნეებისა და უფრო გვიანდელი პერიოდის ქართველ (ვახუშტი ბაგრატიონი, დ. ბაქრაძე, ა. ხახანაშვილი და სხვ.), რუს (ვ.ნ. ტატიშჩევი, ა.ნ. დიაჩკოვ-ტარასოვი და სხვ.) და ევროპელ (პ. – ს. პალასი, ი. კლაპროტი, ფრ. დიუბუა დე მონპერე, ე. სპენსერი და სხვა) ავტორთა შრომებში. აღნიშნული მოვლენის (მთიელთა ჩამოსახლების) თითქმის თანამედროვე, გამოჩენილი რუსი ისტორიკოსი ვ.ნ. ტატიშჩევი (1686-1750წწ.), რომლის შრომებს რუსული ისტორიოგრაფია წყაროს მნიშვნელობას ანიჭებს, წერდა, რომ აფხაზეთი (ავხეთი), მისი აზრით, არის ~სამეგრელოს ჩრდილოეთი ნაწილი, რომელსაც თურქები და ყაბარდოელები ავხაზოსს ეძახდნენ, ჩვენი წინაპრები კი ობეზებს უწოდებდნენ. ამჟამად მისი უმეტესი ნაწილი ყუბანელებითაა დასახლებული.~ ვ.ნ. ტატიშჩევის განმარტებით, ობეზები ჩრდილოეთ სამეგრელოს (აფხაზეთის) უძველესი მაცხოვრებლები ანუ ქართველები არიან. “ივერიელი – იგივე ობეზია”, - ამბობს რუსული მატიანე. ყუბანელები კი, რომლებიც აფხაზეთში გვიან შუა საუკუნეებში ჩამოსახლდნენ, რუსული მატიანეების მიხედვით, ჩერქეზულ-ადიღური ტომების წარმომადგენლები არიან. ისინი ნამდვილად ცხოვრობდნენ ყუნაბისპირეთში. ჯერ კიდევ XVI საუკუნის I მეოთხედში ს. გერბერშტეინი თავის სახელგანთქმულ “ჩანაწერებში მოსკოვიის შესახებ” წერდა, რომ აზოვის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ყუბანის გასწვრივ, რომელიც ჭაობს (აზოვის ზღვას – ავტ.) ერთვის, ცხოვრობს აფგაზი ხალხი”. იმავე ნაშრომში ვკითხულობთ, რომ “მდ. ყუბანს იქით სამეგრელო მდებარეობს”. 1561წ. შედგენილ ჯაკოპო გასტალდის რუკაზე მდ. ყუბანის შუა წელში ნამდვილად არის აღნიშნული Aბცვას რეგი ქალაქით Aცუა (ცხუმის აფსუურ-აფხაზური სახელი). სრუალიად აშკარაა, რომ სწორედ ეს ყუბანელები, როგორც ამას სამართლიანად აღნიშნავს ვ.ნ. ტატიშჩევი, დასახლდნენ ჩრდილოეთ სამეგრელოში და თან ჩამოიტანეს თავიანთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტის სახელიც - Aცუა. კიდევ ერთი ცნობილი რუსი ისტორიკოსი ა.ნ. დიაჩკოვ-ტარასოვი 1905 წელს წერდა: “აფხაზები ყოველთვის როდი მოსახლეობდნენ აქ. მათი გადმოცემები, წეს-ჩვეულებები და მრავალი ისტორიული მონაცემი ადასტურებს, რომ ისინი ჩრდილოეთიდან მოვიდნენ და შეავიწროეს ქართული ტომები, სანამ ენგურთან არ შეჩერდნენ”. აფსუა-აფხაზების ჩრდილოეთიდან ჩამოსახლების შესახებ ა.ნ. დიაჩკოვ-ტარასოვი 1903 წელსაც წერდა (აგრეთვე 1909-1910 წლებშიც), თანაც აღნიშნავდა, რომ ეს ჩამოსახლება “მოხდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ, შესაძლოა, XVI-XVII საუკუნეებში”. სავსებით სწორი მოსაზრებაა.
ბევრად უფრო ადრე ანალოგიურ დასკვნამდე მივიდა აკადემიკოსი ფრ. დიუბუა დე მონპერე, რომელიც 1833 წ. აფხაზეთში იმყოფებოდა. ის წერდა იმის შესახებ, თუ როგორ ვრცელდებოდა დადიანების სამფლობელო “ზღვის სანაპიროს გასწვრივ დაახლოებით ჯიქეთამდე (ზიხიამდე-ავტ.), როგორ აწამებდნენ მას (სამეგრელოს – ავტ.) მტერთა მუდმივი თავდასხმები და ამ მშვენიერი სანაპიროების გასწვრივ, ერთის მხრივ, ჩერქეზთა, მეორეს მხრივ, თურქთა სისხლიანი ხელი დასეირნობდა. თავადმა დადიანებმა, რომლებიც ორი საუკუნის წინ იძულებული გახდნენ თავიანთი საზღვრები ანაკოფიაში გადაეტანათ, ახლა მდინარე ღალიძგამდე დაიხიეს და აფხაზეთი, ეს ბედკრული ქვეყანა, ისეთივე ველური გახდა, როგორც ამერიკის ტყეები: ყველაფერი ნანგრევებად იქცა, ყველა ეკლესია ჩამოიქცა, ცივილიზაციის ყველა კვალი წაიშალა”. ფრ. დიუბუა დე მონპერეს დასკვნას ადასტურებს ის უცილობელი ფაქტი, რომ აფსუა-აფხაზები, სეპარატისტთა მტკიცების მიუხედავად, არიან ქართველთა მიერ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე საუკუნეების მანძილზე შექმნილი ქრისტიანული ცივილიზაციის არა შემოქმედნი, არამედ გამანადგურებლები. აფსუა-აფხაზები ამ ცივილიზაციის შემქმნელები რომ არ არიან, მტკიცდება მათ ენაში ქრისტიანული ტერმინოლოგიის (მათ შორის ისეთი ძირითადი ტერმინების, როგორიცაა ქრისტე, ქრისტიანი, ეკლესია, მღვდელი, ჯვარი, შობა, აღდგომა, ნათლობა და ა.შ.) არარსებობითაც. აფხაზურ ენაში მთელი ქრისტიანული ტერმინოლოგია ლიტერატურული ქართულიდან ან მისი მეგრული დიალექტიდანაა ნასესხები.
ინგლისელი ედმუნდ სპენსერი, რომელიც აფხაზებს რუსეთის შეურიგებელ მტრებს უწოდებს, 1851 წ. აღნიშნავდა: “ისინი ნაწილობრივ ყირიმისა (ყაბარდოს – ავტ.) და ყუბანის ხანებისა და სულთნების ჩამომავალები არიან, რომლებიც თავის ტომებთან ერთად დასახლდნენ ამ ადგილებში”. ამრიგად, გვიან შუა საუკუნეებში მდ. ენგურსა და ფსოუს შორის მდებარე სუფთა ქართულ ტერიტორიაზე კავკასიელი მთიელების ჩამოსახლების ფართოდ აღიარებული ფაქტი, რომელიც პოლიტიკური მოსაზრებებით, საბჭოთა ისტორიკოსების ნაწილმა XX ს. 50-იანი წლების ბოლოდან “დაივიწყა”, იმდენად აშკარაა, რომ არავითარ ეჭვს არ იწვევს.
XVI საუკუნის მე-2 ნახევრიდან ამჟამინდელი გუდაუთის რ-ნის ფარგლებში, ხოლო XVII ს. ბოლოდან თანამედროვე აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე ადგილობრივი ქრისტიანი ქართველებისა და გაბატონებულ მდგომარეობაში მყოფი ჩამოსახლებული წარმართი თუ მაჰმადიანი მთიელების შერწყმის გზით მიმდინარეობდა დღევანდელი აფხაზი (აფსუა) ერის ფორმირების ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი. ძირითადად იგი XIX საუკუნეში დასრულდა. სხვადასხვა ეთნოსებისა და რელიგიების შერწყმამ თავისებური გავლენა მოახდინა ხალხის რელიგიურ მდგომარეობაზე (ქრისტიანობის, მაჰმადიანობისა და წარმართობის ნაზავი), ზნე-ჩვეულებებზე (დიდწილად საერთოა ქართველებთან). რადიკალური დემოგრაფიული ცვლილებების მიუხედავად, აფხაზეთის მფლობელებად და მმართველებად დარჩნენ ქართველი თავადები შარვაშიძეთა გვარიდან. ისინი არასდროს გამიჯნულან ქართული სამყაროსგან, უარი არ უთქვამთ ქართული ენისთვის, რომელიც იმ ახალ აფხაზეთშიც საქმისწარმოებისა და ღვთისმსახურების ერთად-ერთ ენას წარმოადგენდა. თავის მხრივ, იმერეთის მეფეები აფხაზეთს მუდამ თავიანთ პროვინციად თვლიდნენ, თუმცა მათი ძალაუფლება შარვაშიძეებზე ნომინალური იყო. ქუთაისში შედგენილ და მეფე ალექსანდრე V-ს მიერ 1738 წ. პეტერბურგში გაგზავნილი იმერეთის სამეფოს რუკის (გადაეცა იმპერატრიცა ანა იოანეს ასულს) მიხედვით, აფხაზეთი არის ამ სამეფოს შემადგენელი ნაწილი. იმერეთის მეფე სოლომონ I (1752-1784წწ) აფხაზ-იმერთა მეფის ტიტულს ატარებდა. 1776 წლის 26 აპრილით დათარიღებულ ერთ-ერთ წერილში საკუთარ თავს იგი “აფხაზთა, იმერთა, გურიელთა და მთელი ქვემო ივერიის მფლობელად მოიხსენიებს”. როგორც ცნობილია, “ქვემო ივერია” ქალაქ ცხუმსაც და მთელს აფხაზეთსაც მოიცავდა.
სამეგრელოს (ოდიშის) მთავრებს, რომლებმაც ასევე დაკარგეს რეალური კონტროლი აფხაზეთზე, არასოდეს უთქვამთ უარი თავიანთი ძირძველი მიწების დაბრუნებაზე. ისინი “ოდიშის – ლეჩხუმის – სვანებისა და აფხაზების მპყრობელად” იწოდებოდნენ. ასეთ ტიტულს ატარებდა, მაგალითად, კაცია II დადიანი (1758-1788წწ.), გრიგოლ დადიანი (1788-1804წწ.) და სხვები. XVIII ს. დასაწყისიდან მდ. ენგურსა და ღალიძგას შორის მდებარე ტერიტორია სამეგრელოს შემადგენლობაში დაბრუნდა და მალე მას სამურზაყანო ეწოდა.
XVIII-XIX სს. მიჯნაზე ქართული პოლიტიკური ერთეულების მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა, რაც დაკავშირებულია 1783წელს რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის გიორგიევსკის “სამფარველო” ტრაქტატის გაფორმებასთან. ტრაქტატი, მართალია, რამდენადმე ზღუდავდა საქართველოს სუვერენიტეტს, მაგრამ ქვეყანა დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტად რჩებოდა. უფრო მეტიც, რუსეთი ტრაქტატის მეოთხე საიდუმლო არტიკულის მიხედვით, ქართლ-კახეთის სამეფოსთვის საქართველოს სხვა ისტორიული ტერიტორიების შემოერთებისა და ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლაში ხელშეწყობის ვალდებულებას იღებდა. შესაბამისად, ტრაქტატი უშუალოდ აფხაზეთსაც ეხებოდა, რომელსაც რუსეთში კვლავ სამეგრელოს სამთავროს ნაწილად მიიჩნევდნენ. `რუსეთის იმპერიის ისტორიული რუკის~ (1793წ.) მიხედვით, ახლად მოპოვებულ ტერიტორიად მიჩნეული საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი აზოვის ზღვამდე აღწევს. რუკაზე აღნიშნულია დასავლურ-ქართული პროვინციებიც-იმერეთი და სამეგრელო. აფხაზეთი, რომელიც რუკაზე საერთოდ არ არის აღნიშნული, სამეგრელოს შემადგენლობაში იგულისხმება. გიორგიევსკის ტრაქტატის მეოთხე საიდუმლო არტიკული საქართველოს სამეფოს აღდგენას სწორედ “რუსეთის იმპერიის ისტორიულ რუქაზე” მითითებულ საზღვრებში ითვალისწინებდა.
მაგრამ რუსეთმა სასტიკად გაუცრუა იმედები საქართველოს, რომელმაც ირწმუნა მისი და საკუთარი ბედი მიანდო. მან კი არა მხოლოდ არ შეასრულა “მფარველობასა” და ერთიანი სამეფოს აღდგენასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებები, არამედ 1801წ. ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და პირდაპირი რუსული მმართველობა შემოიღო. ამასთანავე, რუსეთმა დროებით უარი თქვა საგუბერნიო მართვის ფორმაზე და 1802წ. `საქართველოს მმართველობა~ დააფუძნა. მის სათავეში იდგნენ კავკასიაში დისლოცირებული ჯარების სარდლები, რომლებსაც საქართველოს მთავარმართებლებსაც უწოდებდნენ. მმართველობის ეს ფორმა – საქრთველოს “შენარჩუნება” - რუსეთს “კანონიერ” უფლებას აძლევდა დაეპყრო თურქეთის უღლის ქვეშ მყოფი სხვა ქართული რეგიონები და “აღედგინა” ერთიანი საქართველო, მაგრამ არა 1783წ. ტრაქტატით გათვალისწინებული დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახით, არამედ როგორც რუსეთის პროვინცია.
რუსეთმა როგორც კი ფეხქვეშ გათელა 1783წ. ტრაქტატი და აღმოსავლეთ საქართველოს ანექსია მოახდინა, მაშინვე დაიწყო მოქმედებები დასავლეთ საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის ხელში ჩასაგდებად. 1803წ. დეკემბერში გრიგოლ დადიანმა, “ოდიშის, ლეჩხუმის, სვანეთის, აფხაზეთის და ოდითგანვე ჩემი წინაპრების კუთვნილი მიწების მპყრობელის” ტიტულით ხელი მოაწერა თხოვნას “ყველა ჩემი სამფლობელოთი, როგორც ზემოთ დასახელებულით, ისე სხვადასხვა მიზეზით მისგან გამოყოფილით”, რუსეთის მფარველობის ქვეშ მიღების შესახებ. სამეგრელოს მთავარს აშკარად მხედველობაში ჰქონდა ჯიქეთი და აზოვის ზღვამდე მდებარე სხვა ისტორიული ქართული მიწები (იხ. რუსეთის 1793წ. რუკა). ეჭვსგარეშეა, თხოვნა სამეგრელოს თვით “მისგან გამოყოფილი” მიწებითაც კი რუსეთის მფარველობის ქვეშ მიღების შესახებ დაიწერა პეტერბურგიდან კარნახით და 1783წ. ტრაქტატის IV არტიკულის გათვალისწინებით. აღნიშნული არტიკულისა და გრიგოლ დადიანის თხოვნის საფუძველზე რუსეთმა ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის შემოერთებისათვის ბრძოლის “კანონიერი” უფლება მიიღო.
XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე აფხაზეთი თურქეთის მხარდაჭერისა და მისი მფლობელის ქელეშ-ბეის ძალისხმევის წყალობით საკმაოდ ძლიერ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა. 1803 წლიდან ქელეშ-ბეი რუსეთის ქვეშევრდომობის სურვილს ფარულად გამოთქვამდა და სამეგრელოს მთავრის მეშვეობით საქართველოს მთავარმართებელ პ. ციციანოვთან კავშირის დამყარებას ცდილობდა. 1803წ. 27 ოქტომბერს პ. ციციანოვი სახელმწიფო კანცლერს გრაფ ა. ვორონცოვს ატყობინებდა: “ამასთანავე ჩემს მოვალეობად ვრაცხ, შევეხო ქელეშ-ბეისა და მისი სამფლობელოს ისტორიას. XV საუკუნეში, კერძოდ, ქრისტეშობიდან 1414 წლამდე, როცა ივერია დაქუცმაცებული არ იყო, ის, ქელეშ-ბეი, შარვაშიძის სახელით იყო ცნობილი, მისი სამფლობელო ივერიის ერთ-ერთ პროვინციას წარმოადგენდა”. სწორედ ეს აძლევდა რუსეთს აფხაზეთის შემოერთების “კანონიერ” უფლებას.
თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია, ისევე როგორც სხვა ქართული პროვინციები, ნაწილ-ნაწილ შევიდა რუსეთის “მფარველობის” ქვეშ. 1805წ. 9 ივლისს სოფ. ბანძაში (მარტვილის რაიონი) სამურზაყანოს მფლობელებმა ხელი მოაწერეს ფიცს რუსეთის ხელმწიფისა და სამეგრელოს მთავრის ერთგულებაზე. ფიცის ტექტში სამურზაყანო აღიარებულია სამეგრელოს ისტორიულ ტერიტორიად. მასში ნათქვამია: “როგორც რომ ყოვლად უმოწყალესი ხელმწიფისა ყმა ვიყოფებით, აგრეთვე სამეგრელოს თვითმპყრობელი ლევან დადიანისა, რადგანაც ჩვენ ჩვენის ქვეყნით ძველიდგან ვყოფილვართ სამეგრელოს თვითმპყრობელი თავადი დადიანისა.
საერთაშორისო მდგომარეობის გამო, საკუთრივ აფხზაეთის მიღება რუსეთის “მფარველობის” ქვეშ რამდენადმე გაჭიანურდა. 1808წ. ქელეშ-ბეის მკვლელობისა და აფხაზეთში პროთურქული ძალების გაძლიერების შემდეგ ეს პროცესი დაჩქარდა. პროთურქულ ძალებს აფხაზეთში სათავეში ედგა მოკლული ქელეშ-ბეის შვილი, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ასლან-ბეი, რომელიც მოსახლეობის უმეტესობის მხარდაჭერით, სამთავრო ტახტს დაეუფლა. საკუთარი თავი აფხაზეთის მთავრად გამოაცხადა ქელეშ-ბეის მონათლულმა შვილმა საფარ-ბეიმ (ნათლობის სახელი – გიორგი), რომელიც სამეგრელოს მთავრის სიძე იყო. გიორგი შარვაშიძემ ომი გამოუცხადა ძმას ასლან-ბეის და დახმარებისათვის საქართველოს რუსულ ადმინისტრაციას და სამეგრელოს დროებით მმართველს ნინო დადიანს მიმართა. ამ უკანასკნელმა აფხაზეთის ახალი მთავარი რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დააფიცა. თავის მიმართვაში ნინო დადიანისა და სამთავრო ტახტის მცირეწლოვან მემკვიდრე ლევან V დადიანისადმი (1804-1840წწ.) გიორგი შარვაშიძე ვალდებულებას იღებდა, რომ თავის ერთგულ ქვეშევრდომებთან ერთად საქართველოს მთავარმართებლის ბრძანებებს დაემორჩილებოდა. აფხაზეთის მთავარმა იცოდა, რომ რუსეთის “მფარველობაში” შესვლის შემდეგ მისი სამფლობელო კვლავ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდებოდა, თუმცა მას უკვე არა ქართველი მეფეები, არამედ რუსი გენერლები მართავდნენ. რადგანაც თქვენ დამაფიცეთ იმპერატორის ერთგულებაზე, მიშუამდგომლეთ მის წინაშე რუსეთის მფარველობის ქვეშ აფხაზეთის მიღების თაობაზე, - წერდა გიორგი შარვაშიძე ზემოხსენებულ წერილში სამეგრელოს მმართველებისადმი და დასძენდა: “მაშასადამე თქვენდამი დამოკიდებულ არს, თუ ვითარ იგი იღწვით ჩემთვის ანუ ვითარ იგი განმიღებთ კარსა უთვითმპყრობელისასა ხელმწიფისა ჩვენისასა”. აფხაზეთის ბედის გადაწყვეტა, მართლაც, ბევრად იყო დამოკიდებული სამეგრელოზე, რომლის მმართველები მუდმივად შეახსენებდნენ რუს ხელისუფალთ, რომ აფხაზეთი ისტორიულად მათი სამფლობელოს ნაწილი იყო. 1808წ. 8 ივნისს ნინო დადიანი თავის წერილში იმპერატორისადმი, ითხოვდა რა აფხაზეთის მიღებას რუსეთის მფარველობის ქვეშ, არაორაზროვნად მიანიშნებდა: “თუმცაღა ჟამმან ცვლილებებისამან და მეზობლის უთახმოებანამ განხადა მფლობელობისაგან სამთავროისა ჩვენისა ესე აფხაზეთი, გარნა უწინარეს იყო მკვიდრი ტახტი ნიკოპსისა, დადიანისა ლევანისა და წინაპართა მათთა და გარდაცვალებული კაცია დადიანი (1758-1788წწ. – ავტ.), მამა ახალგარდაცვალებულისა გრიგოლ დადიანისა, ახდევინებდა ხარკსა და არს უკვე წევრი სამეგრელოისა”. ამიტომ, ნინოს აზრით, ეს იყო კარგი წინაპირობა და ხელსაყრელი დრო რუსეთის მფარველობაში აფხაზეთის მისაღებად. ამრიგად, რუსეთის მფარველობაში აფხაზეთი უნდა შესულიყო როგორც “ივერიის პროვინცია”, როგორც “წევრი სამეგრელოისა”.