იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია

13 იან, 2025

საქართველოს პრეზიდენტის ბატონ მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს პრემიერ მინისტრის ბატონ ზურაბ ნოღაიდელის დავალებით საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის # 80 განკარგულებით შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც დაევალა იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავების მიზნით წინადადებების მომზადება და შემუშავებული სტრატეგიის განხორციელების ორგანიზება-კოორდინაცია.

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე საქართველოში არ არსებობდა სახელმწიფო დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნებოდა დევნილთა პრობლემებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული ერთიანი ხედვა, მათი გადაჭრის მიმართ ერთიანი მიდგომა. საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები დევნილთა პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების დროს განიცდიდნენ კოორდინაციის და პრობლემების გადაჭრისადმი ერთიანი მიდგომის ნაკლებობას, რის გამოც ხშირად არ ხდებოდა დევნილთა ინტერესების, საჭიროებების სათანადოდ გათვალისწინება, მათი პრობლემების გრძელვადიანი და მდგრადი გადაჭრა.

 

 

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიდგომას იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ. იგი ადგენს სახელმწიფოს ორ უმთავრეს მიზანს: პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად, უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის და მხარდაჭერის აღმოჩენა იმ დევნილთათვის, რომლებიც სტიქიურად დაბრუნდნენ მუდმივ საცხოვრებლ ადგილზე; დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია;

 

 

დევნილთა ინტეგრაციის წარმატებით განსახორციელებლად სტრატეგია ითვალისწინებს დევნილის სტატუსის სოციალური დახმარებისაგან გამიჯვნას. დევნილები, ისევე როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეები, სრულფასოვნად მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს ერთიან სოციალურ პროგრამებში, რაც განისაზღვრება მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე, მიუხედავად დახმარების მიმღების სტატუსისა. სტრატეგიით გათვალისწინებულია კომპაქტური განსახლების ობიექტების ეტაპობრივად დახურვა, დევნილთა ინტეგრაცია და სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირება.

 

 

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში აქტიურად ჩართულნი იყვნენ სამთავრობო სტრუქტურები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს დევნილი მოსახლეობის წარმომაგენლები, მოწვეული ექსპერტები და კონსულტანტები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ჩართულნი იყვნენ განსახლების, სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ თემატურ სამუშაო ჯგუფებში.

 

 

დიდ მადლობას ვუცხადებთ გაწეული სამუშაოსთვის ყველა მონაწილეს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებაში.

 

 

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ადამიანის უფლებების და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის ბატონ ვოლტერ კელინის მხარდაჭერა სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების პროცესში.