თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
მუხლი 3. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომლებიც:
ა) უზრუნველყოფს დევნილის უფლებების დაცვას დევნილობის პერიოდში;
ბ) ხელს უწყობს დევნილის ინტეგრაციას მისი რეგისტრაციის ადგილზე;
გ) ხელს უწყობს დევნილის პრობლემების გადაჭრას.
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დევნილის სტატუსის მაძიებელი – პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო);
ბ) დევნილის მოწმობა – სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოს (შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) მიერ დევნილზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებას. თუ დევნილის რეგისტრაციის ადგილი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ერთმანეთს ემთხვევა, დევნილის მოწმობა ასევე არის საცხოვრებელი ფართობის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემთხვევისა;
გ) დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო;