მოსკოვის ინტელიგენციის ღია წერილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბორის ელცინს (1993 წლის 30 ნოემბერი)

 

აფხაზეთში განხორციელებული გენოციდის დასტურად, ვაქვეყნებთ ”ნეზავისიმაია გაზეტას” 1993 წლის 30 ნოემბრის პუბლიკაციას - მოსკოვის ინტელიგენციის წარმომადგენელთა ღია წერილს, მიმართვას რუსეთის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტის - ბორის ელცინისადმი. აფხაზეთში ქართველთა მიმართ ეთნიკური ნიშნით განხორციელებულ გენოციდს საკუთარი ხელმოწერით ადასტურებენ  თავად რუსი ეროვნების ცნობილი წარმომადგენლები.

 

მეცნიერთა და მწერალთა ჯგუფი კვლავ მიმართავს ელცინს

მოსკოვის ინტელიგენციის ღია წერილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს


(სიტყვასიტყვით)

 

პატივცემულო ბორის ნიკოლოზის ძევ! მოგმართავთ, როცა რუსეთმა უკვე გააკეთა თავისი არჩევანი და გვწამს, რომ საბოლოოდ დაადგა დემოკრატიის გზას. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თქვენი ყურადღება მივაპყროთ აფხაზეთში ქართული მოსახლეობის მდგომარეობას - ამას პირდაპირი კავშირი აქვს დემოკრატიის ბედთან.  რუსეთის პრესა, რადიო და ტელევიზია მსოფლიოს აწვდიდა დამახინჯებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა აფხაზეთში.  ქვეყნდებოდა მასალები აფხაზეთში ქართული ჯარის არაკანონიერ შესვლაზე რკინიგზის დაცვის მოგონილი საბაბით,  განიხილებოდა საქართველოს მიერ აფხაზეთზე თავისი უფლების განცხადების მართლზომიერება, ქართველებს მოუწოდებდნენ დათმობებისკენ, მოლაპარაკებებისკენ და ა.შ., მაგრამ ერთხელაც არსად არ თქმულა  არძინბას მეთაურობით ჩადენილი გენოციდის შესახებ. ამასთან დაკავშირებული ყველა ცნობა ცილისწამებად ცხადდებოდა. აფხაზეთში კი ამ დროს მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობდა, რასაც თან ახლდა ნაწამები და  დახოცილი ადამიანების გვამების მასხრად აგდება.

 

როდესაც რუსი დევნილები ავტობუსებით გამოჰყავდათ გუდაუთიდან, ხედავდნენ, როგორ იყო მოფენილი ქართველების წამების ადგილისკენ მიმავალი გზა სვანური ქუდებით  (ქართველ მამაკაცთა თავსაბურავი, ქუდი).

 

გაგრაში, თვითმხილველების  ჩვენებით, ერთ დღეში დახვრიტეს 700 ადამიანი, რომელთა სხეულები  ღორებს მიუგდეს საჯიჯგნად.

სოხუმში დახოცეს 20 000 ქართველი.

 

არსებობენ გენოციდის მრავალრიცხოვანი ფაქტების ცოცხალი თვითმხილველები, ცნობილია მათი სახელები და მისამართები, დაფიქსირებულია მათი ჩვენებები.

 

40 წლის წინ ფაშისტების მიერ ორადურის, ლიდიცესა და ხატინის განადგურებული მოსახლეობის ტრაგიკული სია შეიძლება შეივსოს აფხაზეთის უმეტესი სოფლებისა და რაიონების დასახელებებით.

 

აფხაზური ხანძრისაგან მიყენებული  ზარალი რუსეთმაც განიცადა. მოხალისე-მოროდიორები, რომლებმაც ამოწურეს ნადავლი აფხაზეთში, მოადგნენ თეთრი სახლის კედლებს, ამჯერად მოსკოვში სახეიროდ.

 

დღეს უკვე შეუძლებელია მსოფლიო საზოგადოებას დაემალოს საშინელი სიმართლე  არძინბას მხედრობის მიერ ჩადენილ მხეცურ საქციელზე.

 

”იზვესტიის” 1993 წლის 12 ოქტომბრის პუბლიკაცია სათაურით ”აფხაზეთის აპოკალიპსი. სოხუმში გამარჯვებულთა სისხლიანი ნადიმი”,  მისმა ავტორმა ალექსანდრე ჩელნოკოვმა დაასრულა არძინბასადმი დასმული კითხვით: ”ასეთი ტვირთით სულზე, შემდგომში თქვენ როგორ უნდა იცხოვროთ?”

 

თავის დროზე მსგავსმა დანაშაულობებმა დამნაშავეები ნიურნბერგის პროცესზე განსასჯელის სკამთან მიიყვანა.

 

სახელმწიფოებსა და მთავრობებს აქვთ უფლება საერთაშორისო სასამართლოს წინაშე დასვან  სამხედრო დამნაშავეთა დასჯის საკითხი, ამიტომაც მოგმართავთ თქვენ და რუსეთის მთავრობას, რომელმაც თავისთავზე აიღო აფხაზეთში სამშვიდობო მისიის  განხორციელება.

 

გვესმის რა, გენოციდისაგან დაზარალებულთა მდგომარეობა, ყველაზე გონივრულად და გამართლებულად მიგვაჩნია კანონიერ ჩარჩოებში მოვაქციოთ მათი სამართლიანი რისხვა და ამით თავიდან ავიცილოთ სტიქიური, თვითნებური გასამართლებები და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. ამიტომაც აუცილებლად მიგვაჩნია აფხაზეთში მშვიდობიანი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით  მასობრივი განადგურების ფაქტების გამოძიება, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა და მათი, როგორც სამხედრო დამნაშავეთა დასჯა.

 

რედაქციაში გამოგზავნილი წერილის ქვეშ 100-მდე ხელმოწერაა, რომელთა  შორის არის  ნ.კრიმოვა, ო.ტაბაკოვი, მ.ზახაროვი, ო.ეფრემოვი, ი. ათაბეკოვი, გ.გორინი, ი. მანნი, ლ. ლიბედინსკაია, ტ.ბეკი.

 

”ნეზავისიმაია გაზეთა”, 30 ნოემბერი, 1993 წ.

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ფოტოგალერეა
ვიდეო
You must have Flash Player installed in order to see this player.
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions