გერმანიის რეინტეგრაციის გამოცდილება საქართველოსთვის


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიისა და თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მუსიკალური დიპლომატიის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით მოეწყო მრგვალი მაგიდა -
სამეცნიერო დისკუსია თემაზე - „გერმანიის რეინტეგრაციის გამოცდილება საქართველოსთვის“.

 

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.

ორადგაყოფილი გერმანიისა და შემდგომ მისი გაერთიანების პროცესსა და საქართველოს კონფლიქტებს შორის მსგავსებებსა და განსხვავებებზე ისაუბრა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.

ბატონმა ჯემალ გამახარიამ გაიხსენა გერმანიის გაერთიანების პერიოდი და ის ოპტიმისტური ემოციები საქართველოს დამოუკიდებლობის პერსპექტივასთან დაკავშირებით, რასაც მაშინდელი ქართული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლები გამოხატავდნენ. ამასთან, გაიზიარა გერმანიის ელჩის მოსაზრებები იმ განსხვავებების თაობაზე, რაც გერმანიის რეინტეგრაციასა და საქართველოს დღევანდელ ვითარებას შორის არსებობს.

„გერმანიის გაერთიანება შესაძლებელი გახდა ძალიან ძლიერი გეოპოლიტიკური ძვრების შედეგად. გერმანელი ხალხი მზად იყო გაერთიანებისათვის და ის მომენტს ელოდა. საქართველოს გაერთიანებაც, ალბათ, გარკვეული გეოპოლიტიკური ძვრების შედეგად მოხდება, მაგრამ სანამ ეს მოხდება, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართულ-აფხაზური და ოსური  საზოგადოება მზად იყოს გაერთიანებისათვის, ერთ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის“,- ხაზგასმით აღნიშნა ბატონმა ჯემალ გამახარიამ.

მრგვალი მაგიდის ორგანიზატორის, ალექსანდრე რუსეცკის ინიციატივით მიმდინარე სამეცნიერო კვლევა, რომელსაც ის აწარმოებს შოთა რუსთაველის სახელობის ფონდის მიერ დაფინანსებული სადოქტორო კვლევითი პროექტის  ჩარჩოში,  მიზნად ისახავს აფხაზეთის კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციისათვის არარეალიზებული შესაძლებლობების ანალიზს გერმანული გამოცდილების გათვალისწინებით. ამასთან დაკავშირებით, ბატონმა ჯემალ გამახარიამ უმაღლესი საბჭოს მხრიდან თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოხატა.

დისკუსიის ბოლოს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა კონცერტი გერმანიის კამერული გუნდისა და  თბილისის ფოლკლორული ანსამბლის ,,მძლევარი“ მონაწილეობით.




























































































































 

 

































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions