კულტურის ამაგდარის საამაყო ტიტული ბატონ ნუგზარ მგალობლიშვილს მისი მრავალმხრივი მოღვაწეობისათვის მიენიჭა. მას აქვს შექმნილი ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული, მჭედლური და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა სახის ნამუშევრები. ის წარმატებით მუშაობს სცენოგრაფიაშიც. განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა ნუგზარ მგალობლიშვილის მიერ აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის ასახვა არა ერთ მხატვრულ ტილოზე. ამასთან, ნუგზარ მგალობლიშვილის პიროვნება აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობითაც არის გამორჩეული.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ულოცავს ნუგზარ მგალობლიშვილს კულტურის ამაგდარის წოდების მინიჭებას, წარმატებებს უსურვებს, როგორც კულტურის სფეროში, ისე კანონშემოქმედებით მოღვაწეობაში; და რაც ყველა ქართველის სანუკვარი ოცნებაა, მალე გაემდიდრებინოს ქართული ხელოვნების საგანძური აფხაზეთში დაბრუნების, საქართველოს გაერთიანების ამსახველი ნამუშევრით.