ჯემალ გამახარია: აფხაზეთიდან გადმოსულ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, სურვილის შემთხვევაში, აცრა უპრობლემოდ ჩაუტარდება


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ საზღვართან მორიგეობენ ექიმები, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ნებისმიერ პირს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ვაქცინაცია ჩაუტარდეს.

 

„ყველაფერი მზად არის. ადმინისტრაციულ საზღვართან ექიმები მორიგეობენ, ისინი მომზადებული არიან და ნებისმიერ მსურველს, რომელიც გამოვა იქიდან, აცრას ჩაუტარებენ. რუხში, თუ სადაც მოისურვებს, აცრა ჩაუტარდება. სამწუხაროდ, ჯერ ვერ ხერხდება ის, რომ ეს ადამიანები კარანტინისგან გათავისუფლდნენ. ეს არის პატარა პრობლემა, ჩვენ ამ პრობლემაზე ვმუშაობთ. შესაბამისი მიმართვები გავუგზავნეთ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია საქართველოში. მომართვიანობა ჯერ არ არის და ის, რომ მათ კარანტინის გავლა უწევთ, არის ხელის შემშლელი. ეს აფერხებს ამ პროცესს და იმედი მაქვს, ამის მიუხედავად, მომართვიანობაც იქნება, ეს ძალიან კარგ შედეგსაც გამოიღებს. ვაქცინაციის შეტანაზე განცხადებები გაკეთდა, მაგრამ სეპარატისტები და ოკუპანტები ამის წინააღმდეგი არიან. ისინი ყოველთვის წინააღმდეგი არიან, მაგრამ მერე საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობით, მაინც ხერხდება წამლების შეტანა და დახმარების გაწევა“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა დღეს განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ვაქცინა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიკეთონ.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions