მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ჯემალ გამახარიამ რუსეთის დუმის არჩევნებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მონაწილეობასა და აფხაზეთში გააქტიურებულ შავ არქეოლოგებზე ისაუბრა


დღეს მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მ.წ. 19 სექტემბერს დანიშნულ რუსეთის დუმის არჩევნებში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაწილეობის შესახებაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა რუსეთის დუმის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.


ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფაქტობრივად უკვე გახსნილია უბნები, სადაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა უნდა მივიდეს და კენჭი უნდა უყაროს რუსეთის დუმის ამა თუ იმ კანდიდატს. საინტერესოა, რომ აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც აქამდე მიწერილი იყო „ზაბაიკალის“ მხარისთვის. წელს ცხინვალის რეგიონი ისევ ისე დარჩა, აფხაზეთი კი გარდა ბაიკალის მხარისა, მიწერილია ასევე ვორონეჟის ოლქისათვის, ქალაქი სამარა და პეტერბურგის ოლქისათვის.

 

სად ბაიკალი და იმის იქითა მხარე, ან ვორონეჟი, სამარა, პეტერბურგი და სად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები?! თუ რას ნიშნავს ეს მიწერა და რა მიზანს ემსახურება იგი, ჯემალ გამახარიამ ასე განმარტა:  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანი მიდის სოხუმში, გუდაუთში, ცხინვალში საარჩევნო უბანში და ხმას აძლევს პიროვნებას, რომელიც ზაბაიკალის თუ ვორონეჟის ან პეტერბურგის რომელიღაც საარჩევნო ოლქში, უბანში იყრის კენჭს. ე.წ. ამომრჩეველს სოხუმიდან, ცხინვალიდან წარმოდგენა არა აქვს თუ ვის აძლევს ხმას, ნამყოფიც არ არის იმ ქალაქებში თუ სოფლებში, იმ საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, სადაც  მავანს ხმა უნდა მისცეს, და, მითუმეტეს, არავითარი წარმოდგენა არა აქვს იმ  „ტიპზე“, ვინც ამ ფარსით უნდა აირჩიოს! აი ასეთი ტრაგიკომიკური ვითარების მსხვერპლნი არიან დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები. მართალია, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა თვითონ ითხოვს რუსეთთან შეერთებას, აფხაზები პირიქით, წინააღმდეგი არიან, მაგრამ აი, ამით იმ აფხაზებსაც აჩვევენ - კი გქვიათ თქვენ დამოუკიდებლები ქაღალდზე, გაღიარეთ, მაგრამ რეალურად თქვენ რუსეთის ნაწილი ხართ.  ისევ და ისევ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პოლიტიკა დევს ამაში, თორემ რაში სჭირდება სადღაც იქ, პეტერბურგის თუ ზაბაიკალის საარჩევნო ოლქს, გუდაუთაში თუ სოხუმში მცხოვრების ხმა, მაგრამ ეს არის რუსეთის პოლიტიკა; პოლიტიკა, რომლითაც უნდა მიაჩვიონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საზოგადოება, რომ ისინი რუსეთის ნაწილს შეადგენენ. დღეს კი ასეთ ქმედებას  საფუძვლად ფორმალურად, სამართლებრივად უდევს ის, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა რუსეთის მოქალაქეები არიან.

 

ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთში „შავი არქეოლოგების“ გააქტიურების საშიშ შედეგებზეც ისაუბრა

 

როგორც ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, „შავი არქეოლოგების“ აქტიურობა აფხაზეთში სერიოზული პრობლემაა, რაზეც სათანადო ყურადღება ქართულ საზოგადოებას, ქართულ  სახელმწიფოს არ მიუქცევია. გარკვეული პუბლიკაციები ამის თაობაზე სოციალურ ქსელებში კი ქვეყნდება, მაგრამ ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს.  უკვე 20 წელია, საქართველოს, ქართული სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან  ყოველგვარი ნებართვის გარეშე გათხრებს აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, ფაქტობრივად მიზანმიმართულად რუსეთი აწარმოებს. მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში ასეთი გათხრები წარმოებდა ქალაქ ოჩამჩირესა და ოჩამჩირის რაიონში, სოფელ მერკულაში. როგორც გავრცელებული ინფორმაციებიდან ჩანს, ძალიან საინტერესო არქეოლოგიური მასალა არის აღმოჩენილი. რუსეთიდან გათხრებს ოჩამჩირეში ხელმძღვანელობდა  ალექსანდრე სკაკოვი - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, მოპოლიტიკანო პიროვნება, რომელიც ხშირად ჩამოდის აფხაზეთში და გათხრების პარალელურად პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებს. მასთან ერთად  მერკულაში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, ქალბატონი, გვარად ტრებელოვა მონაწილეობს აღნიშნულ უკანონო გათხრებში. მათ მერკულაში ნაქალაქარი და ძალიან საინტერესო ნივთები აღმოაჩინეს. ამასთან დაკავშირებით ჯემალ გამახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ჯერ ერთი  ეს არის უკანონოდ წარმოებული გათხრები, ამიტომ ჩვენ მათ შავ არქეოლოგებს ვეძახით, რადგან სათანადო ნებართვის გარეშე აწარმოებენ გათხრებს და მეორეც, აქ მოპოვებული ნივთების საფუძველზე ისინი ეწევიან აფხაზეთის და მთლიანად საქართველოს ისტორიის ფალსიფიკაციას. სამწუხაროდ, ბევრმა ქართველმაც არ იცის, რომ შუასაუკუნეებში მერკულაში დადიანების ერთ-ერთი დიდი რეზიდენცია არსებობდა და იქ იღებდნენ უცხოელ სტუმრებს. სწორედ იქ არის ეს გათხრები წარმოებული და აპრიორი ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსების მიერ იქ აღმოჩენილი ნივთები, თითქოს აფხაზების ისტორიის ნაწილია. იგივე ხდება ოჩამჩირეში წარმოებულ და სხვა უკანონო არქეოლოგიურ გათხრებთან დაკავშირებით. ეს მასალები გამოიყენება საქართველოს ისტორიის გასაყალბებლად და ხდება კიდევ უარესი: ამ  ნივთების მნიშვნელოვანი ნაწილი გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. უკანონო გათხრები და არქეოლოგიური მასალის  უკანონოდ გატანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. მიუხედავად ამისა, დღემდე ქართული მხარე არ იყენებს ამ ბერკეტს. ჩვენ კი ვაპირებთ, რომ ეს საკითხი შესაბამისი ორგანოების წინაშე დავსვათ, რათა შავი არქეოლოგების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ მათი დაკავება, გასაგები მიზეზების გამო, თითქმის შეუძლებელია“- განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions