საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილულ კანონპროექტს დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს

დღეს, 17 სექტემბერს, გაიმართა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უძღვებოდა.

 

სხდომაზე სხვა საკითხთა შორის მეორე მოსმენით განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. განხილვა საქმიანი დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა.

კანონპროექტი შემუშავდა პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის (2013-2020 წლები) შესაბამისად, რომლის საფუძველზეც პროფესიული განათლების რეფორმები დაიწყო.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები უფლებამოსილი იქნებიან პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით, დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, ასევე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე გიორგი გვასალია.

როგორც სხდომის მსვლელობისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ განაცხადა - „ეს შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო ეფექტური, მოქნილი და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული გახდეს პროფესიული განათლება ავტონომიური რესპუბლიკისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის“.

კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.









































































































 










ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions