27 ოქტომბერს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გაიმართა ანალიტიკური და კვლევითი საქმიანობის პროგრამის შესრულებაზე კონტროლის მიზნით შექმნილი მონიტორინგის ჯგუფის სხდომა. სხდომას უძღვებოდა ჯგუფის ხელმძღვანელი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა. განიხილეს ა(ა)იპ ,,თბილისის სოციალური კვლევის სკოლის“ მიერ ისტორიული ფაქტების კომპლექსური ანალიზის საფუძველზე აფხაზეთში მოსახლეობის მიგრაციული პოლიტიკის ადრინდელი კრიტერიუმებისა და რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობების შესახებ უმაღლესი საბჭოს დაკვეთით შესრულებული კვლევის შედეგები.
თემის გარშემო გამართულ მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ შინჯიაშვილმა, უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნუგზარ მგალობლიშვილმა. შენიშვნები და რეკომენდაციები ჩატარებული კვლევის გარშემო დააფიქსირეს უმაღლესი საბჭოს წევრემა ვახტანგ ყოლბაიამ, თეიმურაზ მჟავიამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ, ა(ა)იპ-ის ,,თბილისის სოციალური კვლევის სკოლის“ დირექტორმა გიორგი არზიანმა, უმაღლესი საბჭოს აპარატის საფინანსო სამსახურის უფროსმა თემურ ურიდიამ.
მონიტორინგის ჯგუფის სხდომაზე დადებითი შეფასება მიეცა წარმოდგენილი კვლევის შედეგებს და შესაბამისი გადაწყვეტილებით მხარი დაუჭირეს უმაღლეს საბჭოსა და ა(ა)იპს შორის ანალიტიკური და კვლევითი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, სპეციალური ხელშეკრულების გაფორმებას.