ჯემალ გამახარია: რუსეთი აგრძელებს აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკას, რომელიც 90-იან წლებში დაიწყო

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, რომელიც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა ,,რუსეთი აგრძელებს აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკას, რომელიც 90-იან წლებში დაიწყო. 2008 წელს რუსეთმა აფხაზეთი აღიარა დამოუკიდებლად, 2 დღეში, 26 აგვისტოს აფხაზები აღნიშნავენ მათთვის ,,ვითომ” დღესასწაულს ,,დამოუკიდებლობის” დღეს. სწორედ ეს აღიარება, აფხაზეთის საქართველოსგან ჩამოშორება იყო წინაპირობა, რომ რუსეთს უფრო აქტიურად განეხორციელებინა აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკა. ეს პოლიტიკა გრძელდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს”.

 

ჯემალ გამახარიამ ასევე ისაუბრა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთის საკუთრებაში გადაცემისა და აფხაზეთის ეკონომიკის შესახებ. ,,2022 წლის 19 იანვარს დადებული ხელშეკრულების გარშემო ვნებათაღელვა გრძელდება, რომელიც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს. აღნიშნულ დოკუმენტს სჭირდება რატიფიკაცია და საზოგადოება ამის კატეგორიული წინააღმდეგია. ასლან ბჟანიამ მოიარა მთელი აფხაზეთი, შეხვდა ყველას და ამტკიცებდა, თუ რამდენად აუცილებელია ამ დოკუმენტის რატიფიკაცია. 17 აგვისტოს, ბჟანიას შეხვედრა ჰქონდა საზოგადოებრივ საბჭოსთან, სადაც საკმაოდ საინტერესო რამ თქვა. მისი თქმით, მან რუსეთის ელჩისგან მიიღო წერილი, სადაც 19 იანვრის ხელშეკრულების რატიფიკაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, რუსეთი უარს იტყვის აფხაზეთისთვის ყოველწლიური დახმარების აღმოჩენაზე. ბჟანიას ამ აღიარებას ბევრი კომენტარი არ სჭირდება. რუსეთმა წლების განმავლობაში აფხაზეთის ეკონომიკა მიზანმიმართულად მიიყვანა სრულ დეგრადაციამდე, სრულ კოლაფსამდე. იმ დონემდე, რომ აფხაზებს დამოუკიდებლად, რუსეთის ეკონომიკური დახმარების გარეშე არსებობა არ შეუძლიათ,”- აღნიშნა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

http://mcm.ge



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია "მედიაცენტრ მთავარში" - 24.08.2022

https://youtu.be/J34RZNv3ojE

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions