მინისტრის საათის ფარგლებში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს ნანა გაბელიას მოუსმინეს

11 ნოემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა.

 

სხდომაზე მოუსმინეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს ნანა გაბელიას, რომელმაც წარმოადგინა 9 თვის ანგარიში მისდამი დაქვემდებარებული უწყების საქმიანობის შესახებ.


ნანა გაბელიამ უმაღლესი საბჭოს წევრებს წარუდგინა ინფორმაცია 2022 წელს 9 თვის მანძილზე ჩატარებული სამუშაოსა და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ. ისაუბრა მინისტრის აპარატის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, რომელსაც წარმოადგენენ სამართალმოქმედება, ადამიანის უფლებათა დაცვა, სამშვიდობო პოლიტიკა და სამოქალაქო ინტეგრაცია, ასევე საარქივო სამიქნობის უზრუნველყოფა.

მინიტრის განცხადებით, მინისტრის აპარატის წლიური  ასიგნებები განისაზღვრა - 1 809 938 ლარით, 9 თვის - 1 298 420 ლარით, ფაქტობრივი ხარჯი შეადგენს - 1 239 016,71 ლარს (95%).

სამართალშემოქმედების მიმართულებით აღინიშნა, რომ მინისტრის აპარატი ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, რაც გულისხმობს სამართლებრივი აქტების პროექტების შესაბამისობის დადგენას საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობასთან. აღსანიშნავია მინისტრის აპარატის მიერ ესპანეთში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების გაგზავნასთან დაკავშირებული პროცესების სამართლებრივი უზუნველყოფა და საორგანიზაციო საკითხების წარმართვა. რაც მოკლე ვადებში წარმატებით განხორციელდა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა სამართალშემოქმედების მიმართულებით მომზადებულ სხვადასხვა საკითხებზე, ადამიანის უფლებების მიმართულებით გაწეულ მუშაობაზე, რუსეთსა და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას შორის გაფორმებულ ე.წ. 45 პუნქტიან გეგმაზე.

ნანა გაბელიამ ისაუბრა სამშვიდობო პოლიტიკასა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულები არსებულ ძირითად პროგრამაზე: „სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება“, რომელიც მოიცავს რამოდენიმე ქვეპროგრამას. მინისტრმა ისაუბრა, როგორც ამ მიმართულებით  განხორციელებულ პროექტებზე, ისე სამომავლო გეგმებზე.

საარქივო სამიქნობასთან დაკავშირებით, როგორც მინისტრმა აღნიშნა არქივის სამმართველოს საქმიანობის განახლებისა და გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა არქივის სამმართველოს განახლებული კონცეფცია. მინისტრი ასევე შეეხო აფხაზეთის ტერიტორიაზე ქონების რეესტრის საკითხს. მან აღნიშნა, რომ აფხაზეთის არქივის სამმართველოს დებულებაში შესატანი ცვლილებების ფარგლებში დაგეგმილია ანალოგიური დოკუმენტაციის შექმნა/შენახვა, მონაცემების დამუშავებისა და შემდგომი სისტემატიზაციის მიზნით.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები. გაიმართა საქმიანი დისკუსია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები რუდიკ ცატავა, ადა მარშანია, ნუგზარ მგალობლიშვილი, მურმან კვარაცხელია, ზურაბ ჯგუბურია, ელგუჯა გვაზავა, როსტომ შამუგია, რაისა ქარაია. მათ დადებითად შეაფასეს მინისტრის აპარატის და ხელმძღვანელობის მიერ გაწეული მუშაობა, თუმცა ასევე გამოითქვა კრიტიკული შენიშვნებიც, რომელიც ძირითადად აუთვისებელ თანხებს ეხებოდა.

სხდომის დასასრულს, დასკვნითი სიტყვით გამოვიდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და კოლეგების მიერ გამოთქმული მოსაზრებები გაიზიარა, როგორც მუშაობის დადებითად შეფასების, ისე კრიტიკულ ნაწილში.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.






























































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions