გასულ კვირას, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ მღვდელმონაზონი იონა (მამუკა მაისურაძე) აფხაზეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. აფხაზური მხარის თანახმად, იგი სოხუმის საპატრიმროში ჰყავთ დაკავებული იმის გამო, რომ მას დოკუმენტები არ ჰქონდა წესრიგში. თუმცა ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაციაც, რომ მამა იონა იმ დროს დააკავეს, როცა იგი ბედიის მონასტერს ფოტოებს უღებდა.
მომხდარს გამოეხმაურა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, რომელიც აცხადებს, რომ სოხუმში სამების საკათედრო ტაძრის მღვდელთმონაზვნის გაუჩინარება ცხადად უჩვენებს აფხაზეთის პრობლემატიკით დაინტერესებულ საერთაშორისო პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, რომ საქართველოს ამ რეგიონში გამეფებულია უკანონობა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციული დამოკიდებულება.
მისი განცხადებით, სულაც არ არის გასაკვირი ქართული სულიერების დამცველი ადამიანის დაკავება, დაშანტაჟება და ღირსების ხელყოფა იმ პირობებში, როდესაც გარეშე საოკუპაციო, ნეოიმპერიალისტური ზრახვებით აღჭურვილი ძალების მხარდაჭერითა და უშუალო მონაწილეობით ხორციელდება მეზობელი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ გამალებული პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და რელიგიური ექსპანსია.
”გაუგებარია თუ როგორი სიმშვიდით რეაგირებენ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მესვეურნი და აფხაზეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ქართველი ეროვნების სასულიერო პირისადმი მსგავსი დამოკიდებულების ფაქტზე. და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ჩვენთვის კარგად არის ცნობილი რუსეთის პატრიარქის კირილე II-ის არაერთი ვერბალური დაპირება იყოს გარანტი აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განვრცობადობისა. ქართველი მღვდელმონაზვნის დაკავების ფაქტი ყოვლად აღმაშფოთებელია. საქართველოს ხელისუფლებამ და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა უმოკლეს დროში მოხდეს მღვდელმონაზონ იონას გათავისუფლება” - აცხადებს თ. ხუბუა.