ჯემალ გამახარია ფინეთის ელჩს სამხრეთ კავკასიაში კირსტი ნარინენს შეხვდა


15 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ვიზიტით იმყოფებოდნენ ფინეთის ელჩი სამხრეთ კავკასიაში ქალბატონი კირსტი ნარინენი და ფინეთის საელჩოს თავდაცვის ატაშე ბატონი ჰარი პალდანიუსი
.

სტუმრებს შეხვდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნოდარ თოფურიძე, დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფინეთის გამოკვეთილ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მიმართ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესების განვითარების ტენდენცია აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვის საჭიროებას წარმოშობს. ამასთან დაკავშირებით, მხარეებმა განიხილეს სახელმწიფო მოწყობის საკითხებში ფინეთისა და ზოგადად ევროპის გამოცდილება.

ელჩმა კირსტი ნარინენმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პირობებში, სამშვიდობო პროცესი საბოლოო მიზანს მიაღწევს. ჯემალ გამახარიამ ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთში სამშვიდობო პროცესის მთავარ დაბრკოლებას რუსეთის ფაქტორი წარმოადგენს.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ოჩამჩირეს საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურის განახლებისა და სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროცესთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიღებისთვის და საქმიანი დიალოგისთვის. თავის მხრივ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ვიზიტისათვის.


ჯემალ გამახარია სამხრეთ კავკასიაში ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კირსტი ნარინენს შეხვდა
https://youtu.be/A4nqRgxqdxI






































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions