მიმდინარე წლის 22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლიტერატურულ-შემეცნებითი ალმანახის „ბუნების მეგობრების“ პრეზენტაცია გაიმართა.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა მწერალმა და იურისტმა, სამართლის დოქტორმა ირაკლი შამათავამ. ღონისძიებაზე დამსწრეებს ვიდეო ჩართვით მიმართა ალმანახის რედაქტორმა, პოეტმა მადონა დვალმა, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი პროექტების მნიშვნელობას ბუნების დაცვის საქმეში. მან მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას ფინანსური მხარდაჭერისათვის.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა ჯემალ გამახარიამ, პოეტმა ამირან ჯანჯღავამ, მსახიობმა, პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ ერეკლე საღლიანმა, კრიტიკოსმა, ლიტერატურათმცოდნემ, ჟურნალისტმა ლევან ბრეგაძემ, მსახიობმა და პოეტმა ელდინო საღარაძემ, დრამატურგმა, პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ მზია ხეთაგურმა.
საერთაშორისო ჟურნალი „ბუნების მეგობრები“ მოიცავს მწერლების სხვადასხვა სახის ლიტერატურულ-შემეცნებით ტექსტებს და პირველი ლიტერატურული ალმანახია, რომელიც დედამიწის დაცვას ეძღვნება. გამოცემას გარემოსა და ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოხმაურება მოჰყვა.
წიგნის პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ზვიად ბულისკერია, გამოჩენილი ქართველი მწერლები, პოეტი, ლიტერატურათმცოდნეები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ჯემალ გამახარია ლიტერატურულ-შემეცნებითი ალმანახის „ბუნების მეგობრების“ პრეზენტაციას დაესწრო
https://youtu.be/KXMrITWvbrs