ოკუპირებულ აფხაზეთში დისკრიმინაციის ახალი ფორმაა


საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, 19 ივლისს ოკუპირებულ აფხაზეთში, ქ. გალში, მისი ქალაქად გამოცხადების 85 წლისთავის აღსანიშნავად ჩატარდა საზეიმო ღონისძიებები.  იმავე დღეს გაიმართა ყრილობა, რომელზეც ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ბ.ბარციცმა ე.წ. პრეზიდენტ რ.ხაჯიმბას სახელით გალის მაცხოვრებლებს ქალაქის დაარსების დღე მიულოცა და ”გაახსენა”, თუ როგორც ”იქცა” გალის რაიონის ასობით და ათასობით მცხოვრები უსასტიკესი სტალინური რეპრესიის პერიოდში ასიმილაციური პოლიტიკის მსხვერპლად, მაგრამ ”ეთნიკური მეხსიერება ცოცხალია და მიდის მკვიდრი ხალხის ნაციონალური იდენტობის აღდგენის პროცესი”. ყრილობამ მიიღო რეზოლუცია, რომლის ერთ-ერთი მუხლის თანახმად,  კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც ”სამურზაყანოელ აფხაზებს” ეროვნებისა და გვარის შეცვლის პროცედურას გაუმარტივებს.

 

ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გამახარიამ.


სამწუხაროდ, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ყოვლად მიუღებელი ექსპერიმენტების ჩატარებას გალის გეტოში მომწყვდეული ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ. აფხაზეთის ანექსია, ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერი ხერხით გალისა და მთლიანად ავტონომიური რესპუბლიკის დექართველიზაცია იყო და წარმოადგენს ოკუპანტის დანაშაულებრივი პოლიტიკის დედააზრს. უსასტიკესი მეთოდებით განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას, გენოციდს, მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის მასობრივ ხოცვა-ჟლეტას, ადამიანის ყველანაირი უფლების შუასაუკუნეობრივი ველური მეთოდებით ტოტალურ დარღვევას, ადგილობრივი ძირძველი მოსახლეობის ”უცხოელებად” გამოცხადებას. ამჯერად ემატება ქართველთა დისკრიმინაციის ახალი ფორმა - ეროვნების იძულებით შეცვლის მცდელობა. აღნიშნული ძალადობრივი აქტის დემონსტრირება მოხდა ე.წ. ”სამურზაყანოელი აფხაზთა საბჭოს” პირველ ყრილობაზე, რომელიც მიმდინარე წლის 19 ივლისს ქ.გალში ჩატარდა. რაიონის დე-ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თ.ნადარაიას განცხადებით, ეროვნების შეცვლაზე ”თანხმობა” უკვე 31 ადამიანმა განაცხადა. მაშინათვე მათ ებოძათ აფხაზეთის ”მოქალაქეობა” და დაურიგდათ ”პასპორტები”.


სრულიად აშკარაა, რომ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში გაწამებული, შეურაცხყოფილი, ყველანაირად უფლებააყრილი ზოგიერთი გალელი იძულებით მიდის ფორმალურ კომპრომისზე საკუთარ სინდისთან, რათა ელემენტარული უფლებები დაიბრუნოს და სიმშვიდე მოიპოვოს.


გალში ეროვნების შეცვლის კამპანიას საფუძვლად უდევს სეპარატისტებისა და რუსი შოვინისტების მიერ ათწლეულების განმავლობაში შეთხზული ანტიისტორიული თეორია საბჭოთა პერიოდში სამურზაყანოს მოსახლეობის ვითომ ძალით გაქართველების შესახებ. ამ თეორიის ავტორებმა ყველაზე კარგად უწყიან, რომ ისინი ურცხვად ცრუობენ. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ერთმანეთის გვერდიგვერდ საუკუნეების მანძილზე მცხოვრებ ხალხებში ურთიერთასიმილაციის პროცესი სავსებით ბუნებრივი და გარდუვალი მოვლენაა. ასე იყო ყველა დროში და ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, აფხაზეთის ჩათვლით, რა თქმა უნდა.  გალის რაიონში ცხოვრობენ აფხაზური წარმოშობის გვარების მატარებელი ქართველები, ისევე როგორც დანარჩენ აფხაზეთში ბევრად მეტი რაოდენობით ცხოვრობს ქართული გვარის მატარებელი აფხაზი. უნდა ვივარაუდოთ, ბ-ნი თ.ნადარაია, რომელიც დღეს სათავეში უდგას გალის რაიონში ეროვნების შეცვლის ძალადობრივ კამპანიას, ხვალ და ზეგ პირადი მაგალითის ჩვენებით, სათავეში ჩაუდგება ქართული გვარის მატარებელი აფხაზებისთვის ქართული ეროვნების აღდგენის ანალოგიურ კამპანიას. როცა კრემლი გადაწყვეტს აფხაზი ეთნოსის ”მშვიდობიანი” მეთოდებით განადგურებას, იგი აუცილებლად გამოიყენებს თ.ნადარაიას ”მდიდარ” და ”სასარგებლო” გამოცდილებას.


დროა, ბოლო მოეღოს კრემლის მიერ საკუთარი მარიონეტების მეშვეობით ცოცხალ ადამიანებზე არაადამიანური ექსპერიმენტების ჩატარების პრაქტიკას. ოკუპირებულ აფხაზეთში ისედაც რთული ვითარებაა. აფხაზი ეთნოსი რეალური საფრთხის წინაშე დგას. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა ჯერ გალის რაიონის ქართველობასთან, შემდეგ კი სრულიად საქართველოსთან შეკავშირებაში მდგომარეობს. დარწმუნებული ვართ, ეს კარგად ესმის აფხაზური საზოგადოების უმეტეს ნაწილს. მან იცის ან უნდა იცოდეს, რომ ყველა სხვა გზა ერთობლივად მიგვაქანებს გარდუვალი კატასტროფისკენ.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions