დადგენილებები

უკან დაბრუნება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

 

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო (შემდგომ – უმაღლესი საბჭო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, კონტროლს უწევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ახორციელებს საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი (შემდგომ – რეგლამენტი) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი, რომელიც  განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას, სტრუქტურას და მუშაობის წესს.

 

მუხლი 2. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები

1. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) ხალხის ინტერესების უზენაესობა;

ბ) საკითხთა თავისუფალი და კოლეგიური განხილვა და გადაწყვეტა;

გ) საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის განუხრელი დაცვა;

დ) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების დაცვა და პატივისცემა;

ე) საჯაროობა;

ვ) გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა.

2. უმაღლესი საბჭოს სამუშაო ენებია ქართული და აფხაზური.

3. უმაღლესი საბჭოს ადგილსამყოფელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი სოხუმი, დროებითი ადგილსამყოფელი – ქ. თბილისი.

 

მუხლი 3. უმაღლესი საბჭოს ჯილდოები

1. უმაღლეს საბჭოში დაწესებულია უმაღლესი საბჭოს ჯილდოები: საპატიო სიგელი (უმაღლესი ჯილდო), მადლობის სიგელი, წარმატებულის სიგელი და უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშანი.

2. პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.

3. დაჯილდოების წესს ბრძანებით ადგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

 

მუხლი 4. ვადების ათვლის წესი

1. ვადები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს კალენდარულ დღეებს.

2. ვადები, რომლებიც ამ რეგლამენტით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს სამუშაო დღეებს, გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით განსაზღვრული ვადებისა და კანონითა და ამ რეგლამეტით პირდაპირ გათვალისწინებული კალენდარული დღეებისა.

3. უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში რეგლამენტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით გათვალისწინებული შემთხვევისა. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში ვადის დინების გაგრძელებისა და საკითხის განხილვის თაობაზე.

 

თავი II

უმაღლესი საბჭოს წევრი

მუხლი 5. უმაღლესი საბჭოს წევრის მანდატი

1. უმაღლესი საბჭოს წევრი არის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითადი სუბიექტი. უმაღლესი საბჭოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია.

2. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა დაუშვებელია.

3. თავისუფალი მანდატი უმაღლესი საბჭოს წევრს არ ათავისუფლებს რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან მუშაობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა პასუხისმგებლობისაგან.

4. უმაღლესი საბჭოს წევრს აქვს უმაღლესი საბჭოს წევრის მოწმობა და სამკერდე ნიშანი, რომელთა ნიმუშებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.

 

მუხლი 6. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს დადგენილებით წყვეტს უმაღლესი საბჭო. უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

2. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი:

ა) უმაღლეს საბჭოს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;

ბ) იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობისა) ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;

გ) მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს;

დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ;

ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

ვ) გარდაიცვალა;

ზ) დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას;

თ) ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას სასამართლოს გადაწყვეტილებით.

3. უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისათვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.

4. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს სათანადო წერილობით მასალას, იღებს მისგან ახსნა-განმარტებას და ამზადებს შესაბამის დასკვნას. თუ დადასტურდა უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, დასკვნა გადაეცემა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელსაც უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს საკითხი უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

5. უმაღლესი საბჭოს მიერ უმაღლესი საბჭოს წევრის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს იმავე დადგენილებით შეუწყდება მას  ვადამდე უფლებამოსილება.

6. უმაღლესი საბჭოს მიერ უმაღლესი საბჭოს წევრის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის მიცემისას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცების შემთხვევაში (თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრად წარდგენილია უმაღლესი საბჭოს წევრი), უმაღლესი საბჭოს წევრის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევისას, დანიშვნისას ან დამტკიცებისას (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დაუყოვნებლივ შეისწავლის შეუთავსებლობის საკითხს და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

7. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და, თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას.

8. თუ უმაღლესი საბჭოს წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს განაჩენს და დაუყოვნებლივ ამზადებს შესაბამის დასკვნას.

9. უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალებისას მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება გარდაცვალების მომდევნო დღიდან. უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი გამოითხოვს უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალების შესახებ ცნობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

10. თუ უმაღლესი საბჭოს წევრმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ან თუ იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო და მოთავსებულ იქნა შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის,   იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს აღნიშნულის დამადასტურებელ საბუთებს, ამოწმებს მათ ნამდვილობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

11. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. უმაღლესი საბჭო ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ.