Ошибка
  • JFTP::write: Bad response
  • JFTP::write: Bad response
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს შოთა ხეცურიანს 90 წელი შეუსრულდა

2019 წლის 10 მაისს ცნობილ მეცნიერს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უხუცეს წევრს ბ-ნ შოთა ხეცურიანს 90 წელი შეუსრულდა.

 

მისი საიუბილეო საღამო ა/წ 25 მაისს ქ. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, სამეცნიერო წრეებისა და აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი საზოგადოებრიობის წარმომადგელები მონაწილეობდნენ.


შეხვედრას უძღვებოდა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი, რომელიც მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და ვრცლად ისაუბრა შოთა ხეცურიანის მოღვაწეობაზე.


საიუბილეო საღამოზე მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მურმან კვარაცხელია, რომელმაც ისაუბრა შოთა ხეცურიანის მიღწევებსა და განვლილ ცხოვრებისეულ გზაზე. მისი განცხადებით „24 წელიწადია აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ფუნქციონირებს თბილისში და ბატონი შოთა ღირსეულად დგას იქ, სადაც უნდა იდგეს. მას არასოდეს უღალატია თავისი მრწამსისათვის, მისი პრინციპული პოზიცია ყოველთვის პატივისცემასა და თანადგომას იმსახურებს, რადგან მას არასოდეს არ ჰქონია კონფრონტაციული მიდგომა იმ პრობლემებისადმი, რომლებიც ხშირად თავს იჩენდა აფხაზეთის სტრუქტურებში. სწორედ მასზეა ნათქვამი პოეტის სიტყვები: „...წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე, ესეც თურმე გმირობაა დიდი“. დიახ, დღეს გმირია შოთა ხეცურიანი, თავისი სამაგალითო ბიოგრაფიით, განვლილი ცხოვრებისეული გზით და მისი დიდი ტკივილით. დღეს ბატონ შოთას დიდი სიხარულია მისი შვილიშვილები და შვილთაშვილები, რომლებიც ღირსეულად აგრძელებენ ამ დიდი მამულიშვილის მიერ სასახელოდ განვლილ გზას“. „ბედნიერებაა ბატონ შოთა ხეცურიანთან მეგობრობა. აქ ასაკობრივი სხვაობა არ იგრძნობა. იმიტომ, რომ ის ჩვენი ინტელექტუალი თანამედროვეა ამ სიტყვის დღევანდელი და გლობალური გაგებით, იგი ჩვენს გვერდით ზიდავს იმ მძიმე ჯვარს, რომელსაც აფხაზეთის ტკივილი ჰქვია. იმედი ვიქონიოთ, რომ ბატონი შოთა ჩვენთან და მის აურაცხელ მონაგართან ერთად იზეიმებს მშობლიურ აფხაზეთში დაბრუნებას“ - განაცხადა მურმან კვარაცხელიამ.


შოთა ხეცურიანს საიუბილეო თარიღი მიულოცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან ხაზი გაუსვა მისი, როგორც სასოფლო-სამეურნეო დარგის მუშაკის, უმაღლესი სკოლის პედაგოგის, მეცნიერისა და დეპუტატის დამსახურებებს ქვეყნის წინაშე. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, პრეზიდიუმის დადგენილებით, ხანგრძლივი ნაყოფიერი და აქტიური საზოგადო-პოლიტიკური საქმიანობისთვის იუბილარს საზეიმოდ გადასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი.


შოთა ხეცურიანს სახელოვანი იუბილე მიულოცეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებმა თამაზ ხუბუამ და დავით გვაძაბიამ, დეპუტატებმა ვახტანგ ყოლბაიამ, ნაპოლეონ მესხიამ, აკაკი გასვიანმა, როსტომ შამუგიამ, პროფესორმა თამაზ ცანავამ, რამაზ კილაძემ, საზოგადოების წარმომადგენლებმა დალილა ხორავამ, ალუ გამახარიამ, რომლებმაც გამორჩეული პატრიოტული მოღვაწეობისათვის, საზოგადოებრიობის სახელით, გულთბილი მადლობა გადაუხადეს.


შოთა ხეცურიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს და დამსწრე საზოგადოებას მისი ღვაწლის დაფასებისათვის და თანადგომისათვის.


 

 

 

 

 

 
















































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions