მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ მოაწერეს.
ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის საკრებულოს წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მოადგილე თამაზ ხუბუა, დეპუტატი თემურ მჟავია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში ზაზა ჩაჩავა და მოადგილე ნათია კოპალიანი.
როგორც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ აღნიშნა, მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდება აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული ერთობლივი სხდომები, სემინარები, კონფერენციები და ღონისძიებები, რაც უფრო ეფექტურს გახდის აფხაზეთიდან დევნილთა საკითხებზე მუშაობას. „ნებისმიერი სფერო, რომელიც საინტერესო იქნება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსთვის, საინეტერსო იქნება ქუთაისის საკრებულოსათვისაც. ურთიერთგამოცდილებისა და რესურსების გაცვლით ჩვენ შევძლებთ ძალიან ბევრი ღირებული ნაბიჯის გადადგმას, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს იმ პრობლემების მოგვარებას, რაც დღემდე ჯერ კიდევ არსებობს“.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, მემორანდუმის მიზანია, აფხაზეთის ხელისუფლებამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ გაერთიანებული ძალებით და რა თქმა უნდა, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, მაქსიმალურად მოაგვარონ ის პრობლემები, რომლებიც დღეს დევნილი მოსახლეობის წინაშე დგას. „ჩვენ გვინდა, კარგად ვფლობდეთ სიტუაციას, შევისწავლოთ პრობლემები და შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვაგვაროთ ისინი“.
ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა ქუთაისის საკრებულოს და მთლიანად იმერეთის მოსახლეობას იმ უზარმაზარი წვლილისთვის, რაც მათ აფხაზეთიდან დევნილების მოვლა-პატრონობაში გაიღეს. „თქვენ შეიფარეთ ათეულათასობით ჩვენი დევნილი და წარმოუდგენელად თბილი მასპინძლობა გაუწიეთ. უღრმესი მადლობა შეხვედრისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რომ ჩვენ დღეს შეგვიძლია ამ მემორანდუმს მოვაწეროთ ხელი. თანამშრომლობა აფხაზეთის ხელისუფლებასა და ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა ვქმნით სამართლებრივ საფუძველს უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის და მას სისტემურ ხასიათს ვაძლევთ. ეს არის ახალი ეტაპი ჩვენს ურთიერთობაში, რაც აუცილებლად მოგვცემს შედეგს“ -განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
„ქუთაისი საქართველოს სულიერი დედაქალაქია. ჩვენი აფხაზი თანამემამულეების დამოკიდებულებაც ქუთაისისადმი იყო და არის განსაკუთრებული - მათ აქვთ ისტორიული მეხსიერება და იციან, რომ ოდესღაც ქუთაისი იყო აფხაზეთის დედაქალაქი... მართალია, არ აქვთ სწორი წარმოდგენა ისტორიაზე, რომ იმდროინდელი აფხაზეთი იყო დასავლეთ საქართველო და ქართული სახელმწიფო, მაგრამ მათთვის ეს ისტორიული ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ქუთაისის რესურსი ჩვენ სამშვიდობო პროცესსაც უნდა მოვახმაროთ“ - დასძინა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.