6 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიაში, რომლის ხელმძღვანელია პროფესორი ალექსანდრე რუსეცკი, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით - „სამეცნიერო დიპლომატიის შესაძლებლობები სამშვიდობო პროცესებში“.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა გაეროს მიერ დაწესებულ საერთაშორისო დღეს „მეცნიერება მშვიდობისათვის“, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 10 ნოემბერს. კონფერენცია ასევე წარმოადგენს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს მეცნიერების ფონდის სადოქტორო პროგრამების ჩარჩოში მიმდინარე კვლევას.
კვლევის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს სამშვიდობო პროცესებში არ გამოყენებული ან ნაკლებად გამოყენებული შესაძლებლობების აღწერა. პირველად საქართველოში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ისეთი მიმართულების განვითარებას, როგორიცაა სამეცნიერო დიპლომატია. საუბარი შეეხო როგორც მთლიანად მეცნიერების, ასევე მეცნიერების ცალკეული მიმართულებების და გამოჩენილი მეცნიერების როლზე სამშვიდობო პროცესებში. მნიშვნელოვანია ასევე მეცნიერების როლის შეფასება კონფლიქტების გაღვივებაში. მეტად მნიშვნელოვანია, რომ კონფერენცია ჩატარდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელიც იყო ინიციატორი საერთაშორისო მოძრაობის „უნივერსიტეტებში მშვიდობისათვის“.
პირველად ისტორიაში ამ უნივერსიტეტში შეიქმნა და აქტიურად მოღვაწეობს საუნივერსიტეტო დიპლომატიის ცენტრი.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი, კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი ნინო ციხისთავი, საერთაშორისო ჟურნალ „აფხაზეთის კვლევები“-ს წარმომადგენელი მერი გაბედავა, საუნივერსიტეტო ფსიქოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები უჩა მაჭარაშვილი, ვანო ქავთარაძე, ირაკლი ხასაია და ნინო მიქიაშვილი, ტერორიზმის და პოლიტიკური ძალადობის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი ბადრი ნაჭყებია, მეცნიერი მარინე ზუხბაია, მუნიციპალური დიპლომატიის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი ვოლოდიმირ აბრამიუკი, რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემიის როსტოვის განყოფილების წარმომადგენელი ევგენია გარიუშინა, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის წარმომადგენელი ოლღა დოროჰინა, დევნილი უნივერსიტეტების საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი ნინო მინდიაშვილი და სხვები.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა, წმინდა რაჟდენის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორმა მეუფე ისაიამ, „დე ბორდა ინსტუტის“ დირექტორმა პიტერ ემერსონმა (ბელფასტი), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.
ჯ. გამახარიამ ისაუბრა კონკრეტულად აფხაზეთის მაგალითზე კონფლიქტის გაღვივების საქმეში ისტორიული მეცნირების როლზე, ასევე მეცნიერების როლზე კონფლიქტის მოგვარების საქმეში და გამოთქვა კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიასთან, მის ხელმძღვანელთან ბ-ნ ალექსანდრე რუსეცკისთან თანამშრომლობის მზადყოფნა.