სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - საფრთხეები და გამოწვევები“


27 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია დაესწრო გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გამართულ სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - საფრთხეები და გამოწვევები“.

 

კონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციაზე განიხილეს აფხაზეთში არსებული ქართული კულტურის არქიტექტურული ძეგლების სავალალო მდგომარეობა, რაც გამოწვეულია იმ ანტიქართული პოლიტიკით, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ეწევა ქართული კვალის წაშლისა და ისტორიის გაყალბების მიზნით.

კონფერენცია გახსნა კვლევითი ცენტრის დირექტორმა თამარ ბელაშვილმა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ.

ჯემალ გამახარიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ „კონფერენცია ეძღვნება უაღრესად აქტუალურ თემას, აქტუალურ პრობლემას, რომელიც ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალი რეგიონში საფრთხის ქვეშაა უნიკალური კულტურის ძეგლები. ეს ტერიტორიები უპყრია ოკუპანტს, რომლისთვისაც არანაირი კანონი არც საერთაშორისო, არც ეროვნული, არც მორალური სამწუხაროდ არ არსებობს და ეს კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის იქ არსებულ ქართული კულტურის ძეგლებს“.

კონფერენციაზე მოხსენებებით ასევე გამოვიდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქალბატონი ლია ახალაძე თემაზე „ეპიგრაფიკული ძეგლების დაცვის პრობლემები საქართველოში - საფრთხეები და გამოწვევები“, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო დოლიძე თემაზე - „კოლხური კულტურის ქრონოლოგიის ზოგიერთი საკითხები“ და სამეცნიერო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

დიდი ინტერესი გამოიწვია დოკუმენტურმა ფილმმა - „ბედიის მონასტრის წარსული და თანამედროვეობა“, რომელიც „აფხაზეთის მოამბე“-ს დამფუძნებელმა გიორგი კობახიძემ წარმოადგინა.















































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions