29 ნოემბერს, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“ „აფხაზეთის ა/რ ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის“ ფორუმი გაიმართა. ფორუმზე დევნილი ქალი მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერებისა და მათი ფინანსური ხელმისაწვდომობის საკითხები განიხილებოდა.
სტუმრები გაეცნენ „აფხაზეთის ა/რ ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის“ მისიასა და სტრატეგიას, მოისმინეს მეწარმე ქალების წარმატებული ისტორიები. მიმოიხილეს ბიზნესით დაინტერესებული და ბიზნესში ჩართული ქალების წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზები, ახალი ფინანსური წყაროების მოძიების შესაძლებლობები და სხვა.
ფორუმს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე.
ჯემალ გამახარიამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა აფხაზეთიდან დევნილ ქალ მეწარმეთა ბიზნესის პოპულარიზაციას, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის საკითხებს.
ამასთან, ჯემალ გამახარიამ უმაღლესი საბჭოს „წარმატებული“-ს სიგელები წარმატებული საქმიანობისთვის გადასცა ქალ მეწარმეთა ასოციაციის წევრებს თეონა მაჭარაშვილს, ეკატერინე ჯალაღონიას და ნატალია თოლორაიას.
ფორუმი აფხაზეთის ა/რ მთავრობის, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა.