ჯემალ გამახარია: “აფხაზები კორონავირუსთან ბრძოლაში მარტოები არ არიან, ქართული მხარე მათ ყველანაირად ეხმარება”

 

“ქართული მხარე ოკუპირებულ აფხაზეთში შესაბამის დე ფაქტო სტრუქტურებს კორონავირუსთან ბრძოლაში ყველანაირად ეხმარება”, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, აფხაზები, დიდწილად, საქართველოზე არიან დამოკიდებულები, მათ სხვა დამხმარე რეალურად არ ჰყავთ.

 

„როგორც ცნობილია, „ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე შემთხვევაა დადასტურებული. გაგრაში 2 შემთხვევაა, მანამდე კიდევ ერთი იყო გალის რაიონიდან, ქალბატონი, რომელიც ზუგდიდში მკურნალობს.  ჯამურად, 3 ადამიანს აქვს დადასტურებული კორონავირუსი. მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები და ექსპერტები, რომლებიც შორიდან აკვირდებიან მოვლენებს, დარწმუნებულები არიან, რომ ბევრად მეტია დაავადებული ადამიანი, მაგრამ ეს ჯერ გამოვლენილი არაა.



მინდა, ყოველგვარი დაკონკრეტებისა და დაზუსტების გარეშე გითხრათ, რომ ქართული მხარე აფხაზეთში შესაბამის დე ფაქტო სტრუქტურებს კორონავირუსთან ბრძოლაში ყველანაირად ეხმარება სხვადასხვა ხერხით, მეთოდით. ძალიან ბევრი რამ კეთდება, ძალიან ბევრი ადამიანი არის გადმოსული ენგურს აქეთ და იმყოფება კარანტინში, გადის გამოკვლევას. დღესაც, რამდენიმე საათის წინ ერთი პაციენტი გადმოვიდა და ისიც კარანტინშია მოქცეული. თანაც, აქ საუბარია არა მხოლოდ ქართველებზე, არამედ – ეთნიკურ აფხაზებზე. ასე რომ, აფხაზები, ამ შემთხვევაში, მარტო არ არიან ამ ვირუსთან ბრძოლაში. მაგრამ აქ არის პრობლემა: ჩვენს სამსაურებს არ აქვთ შეაძლებლობა, იქ შევიდნენ და მათ დიაგნოსტიკაში დაეხმარონ, დაავადებულები გამოავლინონ და დროზე მიხედონ.

 

ისინი, დიდწილად, საქართველოზე არიან დამოკიდებულები. მათ სხვა დამხმარე რეალურად არ ჰყავთ. იგივე საერთაშორისო ორგანიზაციებმა რაც შეიტანეს, ეს ყველაფერი ქართული მხარის მიერაა გაღებული და ესეც უნდა ვიცოდეთ“, – განაცხადა გამახარიამ „კვირასთან“ საუბრისას.

 

მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კვლავ ირღვევა.



„ვითარება ოდნავ შეცვალა, მაგრამ რადიკალურად არ შეცვლილა. ხშირად ვეცნობით სოციალურ ქსელებს, შესაბამისი ვიდეო და ფოტომასალა არსებობს იმისა, თუ როგორ ირღვევა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. ადამიანები აგრძელებენ ქეიფებს, იმართება 200-300-კაციანი ქელეხები. თითქოს, გადაკეტეს რუსეთთან საზღვარი, მაგრამ მაინც საკმაოდ ბევრი ადამიანი შემოდის იქედან. ეს პრობლემები, სამწუხაროდ,  მოხსნილი არაა”, – აცხადებს ჯემალ გამახარია.

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions