საჯარო სამსახურის ბიურო თხოვნით მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ერთობლივ განცხადებაში არის აღნიშნული.
ამავე განცხადების თანახმად, აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად.
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, ყველა საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთა, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ააიპ-ების თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში.
აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად. დისტანციურ რეჟიმში მუშაობის პირობების თაობაზე შესაბამისი სარეკომენდაციო წესი გეცნობებათ დამატებით“ – აღნიშნულია განცხადებაში.