სასურსათო პროდუქტები და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები ამჯერად 43 აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს გადაეცათ, რომლებიც ზესტაფონში და ქუთაისში არიან განთავსებული.
ჰუმანიტარულ აქციას ზესტაფონში ორგანიზება გაუკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაციამ ასი ქართველი ქალი“ ზესტაფონის ორგანიზაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობს სოხუმელი ქალბატონი, პროფესორი ციალა ნებიერიძე.
ქალაქ ქუთაისში აქციის ორგანიზატორი გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქმიანი კავკასია“.
პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ბატონებმა ჯემალ გამახარიამ, ვახტანგ ყოლბაიამ, შოთა ხეცურიანმა, ქალბატონმა რაისა ქარაიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი და აპარატის თანამშრომელი ზრუნავს იმისათვის, რათა რთულ ვითარებაში მყოფ დევნილ ოჯახებს შეუმსუბუქდეთ არსებული მდგომარეობა.
ამასთან, ჯემალ გამახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, ჰუმანიტარული დახმარების აქცია ერთჯერადი არ არის და იგი წლის ბოლომდე გაგრძელდება. აღნიშნული ჰუმანიტარული აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციისა და აპარატის წევრთა ინიციატივით ხორციელდება, მათი ხელფასიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით.
ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში საინტერესო შეხვედრა გაიმართა ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქმიანი კავკასია“-ს წარმომადგენლებთან. განიხილეს დევნილთა წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზები. ისაუბრეს მცირე და საშუალო ბიზნესში დევნილთა ჩართულობის შესახებ და სხვა საკითხებზე.