აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ნაირა კალანდია

ქალბატონს ამ სახელით და გვარით იცნობს ყველა, ვისაც თუნდაც მცირედი შეხება ჰქონია აფხაზეთის პრობლემატიკასთან, ვინც ამა თუ იმ მიზეზით ერთხელ მაინც დაინტერესებულა ქართველთა მიმართ განხორციელებული გენოციდისა თუ ეთნიკური წმენდის ფაქტებით.

 

ნაირა კალანდიას შემზარავი ისტორია, რომელიც მას სეპარატისტთა ბოევიკების გაუგონარი სისასტიკით თავს გადახდა აფხაზეთში, გაცდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს. ამბავი იმის თაობაზე, თუ როგორ აიყვანეს იგი სხვებთან ერთად ტყვედ, აწამეს, შემდგომ კი თვალწინ როგორ დაუხვრიტეს ერთადერთი ვაჟი და  გადააყლაპეს მისი თვალი, თავად ქალბატონ ნაირას არაერთხელ მოუყოლია საქვეყნოდ...

მიუხედავად ნაირა კალანდიას თავსგადახდენილი უბედურებისა, ის წარმოუდგენლად მხნედ და იმედიანად მოუწოდებდა ყველას, მხრები არ ჩამოეშვათ, ყველაფერი ეღონათ აფხაზეთში დასაბრუნებლად, სამართლიანობის აღსადგენად, საქართველოს გასაერთიანებლად.

ნაირა კალანდია, როგორც აფხაზეთის ტრაგედიის სახე და ხატი, იყო ყველგან, სადაც კი აფხაზეთის თემა გაჟღერდებოდა, სადაც კი შვილდაღუპული დედები იდგნენ... მას არასოდეს ეტყობოდა დაღლა, დაქანცვა, შეგუება საკუთარ და ქვეყნის ტრაგედიასთან... მზრუნველობას არ აკლებდა გადარჩენილ შვილს, ზრდიდა შვილიშვილებს, ეფერებოდა და ამხნევებდა აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულთა დედებს, ობლებს, არც შვილდაღუპულ აფხაზ დედებთან შეხვედრასა და შერიგებაზე ამბობდა უარს...

საოცრად გამხდარი, სიფრიფანა და ნატანჯი ქალბატონის სხეული, თითქოს, განგების ძალით იყო ასე ენერგიული; მაგრამ ეს მხოლოდ მისი უტეხი ბუნებისა და ჟინის გამოხატულება იყო. სინამდვილეში ქალბატონ ნაირა კალანდიას ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეიწირა არაადამიანურმა ისტორიამ, მისი და მისი შვილის, მთელი აფხაზეთის ტრაგედიამ, რომელიც დღემდე ღია ჭრილობად რჩება სრულიად საქართველოს სხეულზე. დიდად სამწუხაროა, რომ ის ვერ მოესწრო იმ დღეს, რომლის მოლოდინიც ასულდგმულებდა.

მარადიული ხსოვნა მრავალჭირნახული ქართველი დედის - ნაირა კალანდიას ხსოვნას!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions