ჯემალ გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი პოლიტიკოსების ჩასვლის ფაქტს გამოეხმაურა

 

“ქართველი პოლიტიკოსების ჩასვლამ ოკუპირებულ აფხაზეთში უკიდურესად დაძაბა სიტუაცია, იქ ახლა ანტიქართული ისტერიაა, ჩემი ღრმა რწმენით, ეს რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციაა”, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების ვიზიტს გამოეხმაურა.

„ქართველი პოლიტიკოსების ჩასვლამ აფხაზეთში უკიდურესად დაძაბა სიტუაცია. ფაქტობრივად, პოლიტიკური დღის წესრიგი შეიცვალა აფხაზეთში. იქ ბოლო პერიოდში მთავარი განსახილველი თემა იყო ბჟანიას, შამბას განცხადებები საქართველოსთან სხვადასხვა თემაზე მოლაპარაკების, დიალოგის შესახებ. ეს თემა ძალიან პოზიტიურ კონტექსტში განიხილებოდა. იყვნენ მოწინააღმდეგეები, მაგრამ მომხრეები აშკარად უმრავლესობას წარმოადგენდნენ. ეს დღის წესრიგი ანტიქართულმა ისტერიამ შეცვალა. ახლა ვითარება იცვლება, იქ უკვე ჭარბობს ანტიქართული ისტერია. ოპოზიცია გადავიდა შეტევაზე და პირველ წარმატებას მიაღწია – იმის გათავისუფლება მოითხოვეს, ვინც ახლდა ჩვენს ქართველ პოლიტიკოსებს, ეს არის სექანია. ის გაათავისუფლეს და დგას ბჟანიას იმპიჩმენტის საკითხიც. ამას მოჰყვა ძალიან დიდი ანტიქართული მოძრაობა აფხაზეთში და გადაფარა ის შედარებით პოზიტიური ფონი, რომელიც შექმნა იმ განცხადებებმა, რომლის შესახებაც მოგახსენეთ.

ჩასვლაში ცუდი არაფერია, მით უმეტეს, ხატი რომ შესწირო ილორის ეკლესიას, რა არის აქ ცუდი, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. ფაქტობრივად, პოლიტიკური დღის წესრიგი შეიცვალა ჩვენს საზიანოდ. ვიზიტი რუსებმა მოაწყვეს. ეს არის ჩემი ღრმა რწმენით, რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ რუსეთის იმედზე არასოდეს უნდა იყო, როდესც საკითხი ეხება ოკუპირებულ ტერიტორიას, ან ძალიან ფრთხილად უნდა იყო. იქ იმიტომ კი არ ჩაგიყვანს, რომ ქართული საქმე გააკეთო, არამედ იმისთვის, რომ თავისი საქმე გააკეთოს. რუსეთმა სწორედ თავისი საქმე გააკეთა”, – განაცხადა გამახარიამ.

 

შეგახსენებთ, “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები – ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ. ინაშვილმა ვიზიტის ამსახველი ფოტოები „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა.

„2020 წლის 18 აგვისტო. აფხაზეთი. ილორის ტაძარი. მე და გიორგი ლომიამ ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შევწირეთ”, – დაწერა ინაშვილმა.

იხილეთ ბმული: https://youtu.be/X9Gx9I8ND8o

http://kvira.ge/591774

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions