აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრიფინგი „მედიაცენტრ მთავარში“


უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“ უპირველესად 1993 წლის 16 სექტემბრის თარიღს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს დღე არის აფხაზეთში საომარი მოქმედების განახლების დღე, რომელსაც მოჰყვა აფხაზეთის ტრაგედია: „ტრაგედია, რომელიც დატრიალდა მაშინ, ეს იყო ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული აქტი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასეულათასობით ადამიანის ტრაგედია გამოიწვია“,- აღნიშნა მან.

 

კორონავირუსთან დაკავშირებით ოკუპირებულ აფხაზეთში  შექმნილი ვითარების შესახებ ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ იქ უმძიმესი ვითარებაა; „არ გააჩნიათ კოვიდინფიცირებულთა მკურნალობისათვის საჭირო პირობები - არც ადამიანური, არც ფინანსური რესურსი. გუშინ საღამოს მონაცემებით, მათ უკვე ჰყავთ 726 დაინფიცირებული. ბოლო მონაცემით გამოაცხადეს, რომ ჩატარდა 172 ტესტირება, აქედან 52 აღმოჩნდა კოვიდდადებითი, ანუ ტესტირებულთა 27-28% დაავადებული აღმოჩნდა. შესაბამისად, თუ რა შედეგი დადგება, ძნელი სათქმელია. თითქოს წამლებით ეხმარებიან რუსეთიდან, მაგრამ რაც უფრო ეხმარებიან, მით უფრო იზრდება დაინფიცირებულთა რაოდენობა; ამან კი, შეუძლებელია არ დაგვაფიქროს!“- აღნიშნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

 

ეპიდსიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთში უნდა განვიხილოთ იქ  არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებთან კავშირში


ჯემალ გამახარიას განცხადებით, ეპიდსიტუაცია უნდა განვიხილოთ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებთან კავშირში. შესაბამისად მნიშვნელოვანია აფხაზეთის  დეფაქტო პრეზიდენტის ბჟანიას ბოლო ვიზიტი მოსკოვში და მისი შედეგები.

„ერთ კვირაზე მეტ ხანს იმყოფებოდა დეფაქტო პრეზიდენტი მოსკოვში და ფაქტობრივად ჩამოვიდა ცარიელი ხელებით; რას ითხოვენ აფხაზები მოსკოვისგან: ეს არის ფული, უპირველეს ყოვლისა და ელექტროენერგია, რომლის ძალიან დიდი დეფიციტია იქ.  ფულთან დაკავაშირებით ითხოვენ, რომ, ჯერ ერთი, მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხები მიაწოდონ, რომელიც ჯერ არსაიდან ჩანს, ამასთან ითხოვეს, რომ რუსეთმა აფხაზეთს მომავალი წლისთვის გაუზარდოს დაფინანსება“. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, დაფინანსების გაზრდაზე ბჟანიას კატეგორიული უარი უთხრეს. „რაც შეეხება ამ წლის თანხებს,  ძალიან მცირე ნაწილია დაფინანსებული, ისიც ადგილობრივი შემოსავლებით. აფხაზეთი ფაქტობრივად დარჩენილი არის ბიუჯეტის გარეშე. ხელფასებს ვერ იღებენ მმართველობით ორგანოებში დასაქმებულები, რომლებიც აფხაზეთის შრომისუნარიანი მოსახლეობის 46%-ს შეადგენენ, ამათ ემატება პედაგოგები, ექიმები, პენსიონერები, რომლებიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამ კატეგორიაზე უფრო შეჭირვებულად იმყოფებიან ისინი, რომლებიც ვერ მოხვდნენ 46%-იანებში და არ არიან პედაგოგები, ექიმები, პენსიონერები და ა.შ.“



ჯემალ გამახარიას განცხადებით, ასლან ბჟანია მოსკოვიდან, მართალია, აფხაზეთისათვის ხელცარიელი ჩამოვიდა, მაგრამ იქ მთელი რიგი დავალებები მისცეს. „უპირველეს ყოვლისა, საუბარია იმაზე, რომ აუცილებლად უნდა დაიდოს ხელშეკრულება რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოქალაქეობის მიღების გამარტივების თაობაზე. ეს კარგად არის შეფუთული, მაგრამ რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც აფხაზები ღებულობენ რუსეთის მოქალაქეობას, ზუსტად ასევე, გამარტივებულად მიიღონ რუსებმა აფხაზეთის მოქალაქეობა!

 

მეორე და მნიშვნელოვანი, რასაც წლებია რუსეთი ითხოვს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისაგან, ეს არის აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვის სამართლებრივი უფლება. ეს საკითხი დგას ულტიმატუმის სახით: თუ გინდათ რუსეთისაგან დახმარება, ეს უნდა გააკეთოთ!“-ასეთი შეუვალია კრემლი დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების მიმართ.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, რუსეთი მზად არის დაეხმაროს აფხაზეთს ენერგოსისტემების აღდგენაში

 

ენერგოსისტემების აღდგენაში რუსეთი დაეხმარება აფხაზეთს, მაგრამ რასაც აღადგენს,  ითხოვს რომ მასვე გადაეცეს საკუთრებაში. სხვა შემთხვევაში მზად არის მიაწოდოს ელექტროენერგია, მაგრამ აფხაზეთისგან მოითხოვს გადაიხადოს იგივე, რაც რუსეთში ღირს. ეს თანხა კი შეადგენს 3,8 მილიარდ რუბლს. ფაქტობრივად, ეს ის თანხაა, რაც რუსეთმა აფხაზეთის ბიუჯეტს უნდა მიაწოდოს. ასე რომ, აფხაზური მხარე დაზარალებული რჩება.

 

რუსეთის დაჟინებული მოთხოვნების პარალელურად აფხაზეთის უმაღლესი საბჭო საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს საქართველოს პარლამენტს

 

მოსკოვი ითხოვს ხელშეკრულების გაფორმებას სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებასთან, რათა ოფიციალურად მიეცეთ რუსებს უფლება, გამარტივებული წესით გახდნენ აფხაზეთის მოქალაქეები. ამ ვითარებაში აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით შეიტანა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისათვის, აფხაზებისათვის გამარტივებული წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას.

ჯემალ გამახარიას განმარტებით,  კანონპროექტში შეთავაზებული არის სამი ძირითადი ცვლილება:

 

I-საქართველოს მოქალაქეობის მაძიებელი ადამიანებისათვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და
რომელთაც უკანონოდ მიანიჭეს რუსეთის მოქალაქეობა, ეს არ უნდა ჩაეთვალოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობად;

 

II-ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირს საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიენიჭოს არა ნატურალიზაციით, არამედ დაბადებით, რადგან აფხაზეთი საქართველოა;

III-საქართველოს კანონი მოქალაქეობის შესახებ ითვალისწინებს საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებას. ამ შემთხვევაში აუცილებელია გამოცდების ჩაბარება ქართულ ენაში, საქართველოს ისტორიასა და სამართლის საფუძვლებში.  უმაღლესი საბჭოს მიერ შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანმა, რომელმაც არ იცის ქართული ენა და დღეს იქ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არც საშუალება აქვს და არც უფლება ისწავლოს ქართული, მაგრამ სურვილი აქვს იყოს საქართველოს მოქალაქე, დაერთოს ნება ჩააბაროს გამოცდა აფხაზურ ენაში, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აფხაზური ენა ქართულთან ერთად არის საქართველოს სახელმწიფო ენა აფხაზეთში.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისათვის, რომ იქ გავუადვილოთ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეობის მიღება, არამედ პოლიტიკურადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ აფხაზებს ვთხოვთ აფხაზური ენის გამოცდას საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად. ასე განმარტა უმაღლესი საბჭოს კანონპროექტის ძირითადი დებულებები „მედიაცენტრ მთავარში“ ბატონმა ჯემალ გამახარიამ.


https://youtu.be/AMS6v9Zm0b8


Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions