ჰუმანიტარული აქციის ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შეიქმნა ფონდი „სოციალური სოლიდარობისთვის“, რომლის დამფუძნებლები არიან უმაღლესი საბჭოს წევრები და აპარატის თანამშრომლები. ფონდში ყოველთვიურად უმაღლესი საბჭოს წევრები რიცხავენ მცირედ თანხებს, კერძოდ უმაღლესი საბჭოს წევრები 100 ლარს, აპარატის თანამშრომლები 50 ლარს, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე პირები- 20 ლარს. განისაზღვრა მოწყვლადი ჯგუფების კატეგორიები და დაიწყო საკვები პროდუქტების მიწოდება აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი, შშმ, ომის ვეტერანი, ონკოპაციენტებისა და სხვა სოციალური სტატუსის მატარებელი პირებისთვის. გასული ნახევარი წლის განმავლობაში დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების მიერ გაღებულმა თანხამ შეადგინა 50 ათასამდე ლარი. ამ თანხის ნაწილი STOPCOV სამთავრობო ფონდში გადაირიცხა, ნაწილი კი სოციალური სოლიდარობის აქციას მოხმარდა.
აქციის ფარგლებში მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტებით დახმარება უკვე გაეწია 2500-მდე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს.
როგორც ვხედავთ, ახალი კორონა ვირუსის ინფექცია უკან არ იხევს, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
მივმართავთ ბიზნესმენებს აფხაზეთიდან, აფხაზეთის ყველა მკვიდრს, სადაც არ უნდა მუშაობდეს ის, უპირველეს ყოვლისა აფხაზეთის მთავრობაში დასაქმებულ ადამიანებს შემოუერთდნენ „სოციალური სოლიდარობის“ აქციას, საკუთარი ხელფასებიდან ყოველთვიურად გაიღონ მცირედი თანხა და ჩარიცხონ სპეციალურ ფონდში, რომელსაც თვითონ ჩამოაყალიბებენ ან დაუკავშირდებიან უკვე არსებულ ფონდს "სოციალური სოლიდარობისთვის".
დარწმუნებული ვართ, საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ აღმოვფხვრათ შიმშილის პრობლემა აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო
თბილისი 2020 წლის 15 ოქტომბერი
ფონდის „სოციალური სოლიდარობისთვის“ საბანკო ანგარიშის ნომერი:
თი-ბი-სი ბანკი: GE24TB7838936080100009