უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში მიმდინარე და მომავალი წლის აფხაზეთის რესპუბლიკურ ბიუჯეტს განიხილავენ

სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შედეგები და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განხილეს.

 

სხდომას უძღვებოდა სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა; განხილვებში მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა, ცალკეულმა დაინტერესებულმა დეპუტატებმა - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ, ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი გასვიანმა, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ყოლბაიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, დეპუტატებმა ვახტანგ კაჭარავამ, თემურ ლორთქიფანიძემ, სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსმა ოთარ ჩარკვიანმა.

ორივე საკითხთან დაკავშირებით მოხსენებით წარსდგა ფინანსთა მინისტრის მოადგილე რაულ წულაია, რომელმაც დეპუტატებს თავდაპირველად 9 თვის შედეგები დაწვრილებით გააცნო. აღინიშნა უწყებების შესახებ, რომელთაც წლის განმავლობაში გათვალისწინებული თანხების 40%-მდე ჯერაც არა აქვთ ათვისებული. ძირითად მიზეზად დასახელდა წლის მეორე ნახევარში გათვალისწინებული ტენდერები, რომელთა რეალიზებას ხელი ქვეყანაში არსებულმა პანდემიურმა ვითარებამ შეუშალა. ცალკეულმა დეპუტატებმა მთლიანად არ გაიზიარეს დასახელებული მიზეზი და იგი არასათანადო მუშაობად, არასწორ დაგეგმვად შეაფასეს. სხდომაზე ხაზგასმით ითქვა, რომ სამინისტრომ უსარგებლო ნაშთების არსებობას თავი უნდა გაართვას. გამოითქვა წინადადება, რომ დაუხარჯავი თანხები გადაეცეს იმ უწყებებს, რომლებსაც კოვიდპანდემიისგან შექმნილი მძიმე ვითარების გამო დევნილთა სოციალური და ჯანდაცვის პრობლემების მოგვარება დაევალათ.     

რაც შეეხება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტს, მისი განხილვის შემდეგ კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, მიმართოს პრეზიდიუმს, რათა აღნიშნული კანონპროექტი დაუბრუნდეს მთავრობას გადასამუშავებლად და პანდემიური ვითარების გათვალისწინებით უფრო მეტად აისახოს მასში სოციალური მიმართულებები, რეალური საჭიროებები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შედეგები და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია უძღვება, მომხსენებელია ფინანსთა მინისტრის მოადგილე რაულ წულაია.




























Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions