აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მახვში. აკაკი გასვიანის მოგონება

ამ ლამაზ და ხშირად ტკივილიან წუთისოფელს განერიდა კიდევ ერთი ღირსეული შვილი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, კავკასიური გონით გამორჩეული კაცი, ჩემი უფროსი მეგობარი და კოლეგა, აკაკი (გასავ) გასვიანი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დააკლდა ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა ფუფუნება იყო.


ბატონი აკაკი ეკუთვნოდა იმ ,,ჭკვასნიერ“ (ილია ჭავჭავაძე) კაცთა რიცხვს, რომელსაც შეეძლო სულ სხვა სიღრმითა და სიმართლით საუბარი, არასოდეს შეშლია ეროვნული ღირებულებების პატივისცემა. მესტიის ულამაზეს სოფელ ხალდეში დაბადებულს, არ მიუტოვებია ფიქრი იმ გმირთა სულებზე, რომელთაც ღირსება და სახელი შეუნარჩუნეს თავიანთ მიწას, მტერს არ აპატიეს თავისუფალი სულის შებღალვა. სწორედ იქიდან, წინაპართა ფესვიდან, გამოჰყვა საბრძოლო სულისკვეთება. აფხაზეთის ომის დროს იყო ჟიული შარტავას, საქართველოს ეროვნული გმირის, თანამებრძოლი. მინისტრთა საბჭოს ცეცხლწაკიდებულ შენობას ერთ-ერთი ბოლო ტოვებს, სასწაულად გადარჩა. იქიდან კოდორის ხეობაში მიდის...

 

არ შეიძლება არ გავიხსენო აკაკი გასვიანის სიტყვები, რომლითაც მიმართა ირგვლივ მყოფ საზოგადოებას:,, ჩვენ ვართ ჯარისკაცები, არც მინისტრები, არც თავმჯდომარეები, არც მოადგილეები, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამ ომში. მისი დასრულებისას კი ავიღოთ კალამი ხელში და გავაგრძელოთ წერა.“ ბატონი აკაკი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. მისი დამსახურებაა, რომ სოხუმის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეძლო მშვიდობიანად გამოეღწია იმ ჯოჯოხეთისთვის.

სიცოცხლე არ განიზომება მხოლოდ წელთა სიმრავლით. მნიშვნელოვანია, მიწიერი ბილიკებიდან ამანძილების შემდეგ, რას დატოვებ, როგორ გაგიხსენებს მომავალი თაობა. აკაკი გასვიანი სადაც არ უნდა ყოფილიყო, მუდამ განსაკუთრებულობით ეკიდებოდა ყველა საქმეს. სულის საზრდოს სახით მან ბევრი წიგნი დაგვიტოვა. სადოქტორო ხარისხის მოპოვებისთვის მან მაღალ სამეცნიერო დონეზე დაწერილი ნაშრომი შექმნა:,,სულიერებისა და მატერიულობის სინთეზი სამყაროში“. ბატონი აკაკის კალამს ეკუთვნის ბევრი საინტერესო წიგნი:,,სიცოცხლის ფილოსოფიური ახსნა“, ,,სამყაროული მოძრაობა“, ,,ცივილიზაციის სათავეებთან“, ნოველების კრებული ,,მზის სიმღერა“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

აკაკი გასვიანი უყვარდათ და პატივს სცემდნენ როგორც აფხაზეთში, ასევე სვანეთში. ის სიტყვის კაცი იყო, სჯეროდათ მისი. სვანეთში მისმა გვარმა მახვშად აღიარეს, არა ასაკის გამო, არამედ მისი ინტელექტის, განვლილი ცხოვრების, სიბრძნისეული აზროვნების გამო. აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ბატონი აკაკის საკვარცხი მიართვა წარწერით :,,აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მახვში“. აი, ასეთმა კაცმა მიგვატოვა, მარადიული სასუფევლის ბილიკებს მიაშურა. მართლაც, წუთი ყოფილა წუთისოფელი. გვინდოდა დიდხანს გვემზირა ამ გაუტეხელი სულის ადამიანისთვის, კიდევ ბევრი შეექმნა მის კალამს. ჩვენ ვერასოდეს დავივიწყებთ მის გამორჩეულ ადამიანურ თვისებებს, კეთილგანწყობას, მეგობრულ სიყვარულს, თანადგომას... მოგვენატრება მისი დინჯი, ბრძნული, სიღრმისეული საუბრები.

ბატონო აკაკი, ღმერთმა ნათელით ატაროს თქვენი სული. ვალმოხდილი წახვედით, მესამშობლოე კაცი იყავით და მამულის წინაშე პირნათლად აღასრულეთ თქვენი მისია.

 

მშვიდობით, მახვშო.

დიდი პატივისცემით, მურმან კვარაცხელია

აფხაზეთის არ უმაღლესი საბჭოს დებუტატი.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions