აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის “ორმაგი მოქალაქეობის” შესახებ დაგეგმილი შეთანხმება ანექსიის გზაზე ყველაზე დიდი ნაბიჯია.
ამის შესახებ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
„აფხაზეთში უკიდურესად რთული, უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. მარტო მიმდინარე წლის განმავლობაში მოსკოვსა და სოხუმს შორის რამდენიმე ე.წ. შეთანხმება დაიდო. თითოეული ეს შეთანხმება ანექსიის გზაზე ერთი დიდი ნაბიჯია. ესენია: ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით 19 იანვარს დადებული შეთანხმება, რამაც მთელი აფხაზეთი ფეხზე დააყენა, მოსახლეობა ამ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციას ეწინააღმდეგება; 4 აგვისტოს გაფორმებული კიდევ ერთი შეთანხმება, რომელიც დღემდე არაა გამოქვეყნებული და „2022 -25 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის რეალიზაციის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმება ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტი არც კი გამოუქვეყნებიათ, ჩვენმა სპეციალისტებმა მას მიაგნეს და ვიცით შინაარსი. რუსეთი იმ შემთხვევაში აპირებს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შესრულებაში ფინანსურ დახმარებას, თუ 2 წლის წინ რუსეთს და აფხაზეთს შორის დადებული ხელშეკრულება იქნება რეალიზებული, რომელიც კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით საერთო ეკონომიკური და სოციალური სივრცის ჩამოყალიბებას ეხება. თუ აფხაზეთი ამ 45- პუნქტიან პროგრამას შეასრულებს, რომელიც აფხაზეთის რუსეთის სამართლებრივ სივრცეში მოქცევას ითვალისწინებს, მაშინ რუსეთი ინებებს და აფხაზეთს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარება, მაგრამ რასაც რუსეთი აფხაზეთში ააშენებს, ყველაფერი რუსეთის საკუთრებაში გადავა. ეს იქნება ანექსიის გზაზე გადადგული კიდევ ერთი ძალიან დიდი ნაბიჯი.
ჯემალ გამახარია: რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის "ორმაგი მოქალაქეობის" შესახებ დაგეგმილ შეთანხმებაზე
https://youtu.be/EHRkd4locPk