უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა

28 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

პრეზიდიუმის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს აპარატის აფხაზეთიდან ლტოლვილ და იძულებით გადაადგილებულ პირებთან ურთიერთობის განყოფილების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

დეპუტატების წინაშე ვრცელი ანგარიშით აფხაზეთიდან ლტოლვილ და იძულებით გადაადგილებულ პირებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი გურამ მაღლაკელიძე წარსდგა. ანგარიშში წარმოდგენილი იყო ანალიზი დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამოვლენისა და პრევენციის, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების მდგომარეობის შესწავლისა და სათანადო რეაგირების შესახებ.

ანგარიშის მოსმენის შემდგომ გაიმართა საქმიანი დისკუსია. პრეზიდიუმმა ხაზი გაუსვა დევნილთა პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით უწყებებს შორის შიდა კომუნიკაციის გაძლიერების საჭიროებას, დევნილთა ფინანსური მხარდაჭერის გაზრდის მნიშვნელობას, ასევე დევნილ მოსახლეობასთან პერმანენტული შეხვედრების აუცილებლობას, რამდენადაც საჭიროა მათი ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

თავისი აზრი გამოთქვეს და გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს მომხსენებელს უმაღლესი საბჭოს წევრებმა: თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ და ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა”-ს თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ.

სხდომის შედეგები შეაჯამა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია დევნილთა ყოფის გასაუმჯობესებლად გატარებული ღონისძიებების და ინიციატივების შესრულება, აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად მყოფი მოსახლეობის უფლებების დაცვა და ეკონომიკური მხარდაჭერა. ამასთან, მან გაიზიარა კოლეგების მიერ გამოთქმული ცალკეული შენიშვნები და წინადადებები, რომლებიც საჭიროებენ გათვალისწინებას.

































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions