აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა

22 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები გაიმართა. სხდომებს, რომლებიც ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში წარიმართა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

პრეზიდიუმის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ“.

ჯემალ გამახარიამ პრეზიდიუმს მოახსენა, რომ საკითხი მომზადებულია პლენარულ სხდომაზე გასატანად, ჩატარებულია რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა, და კენჭისყრაზე აყენებს წინადადებას. მიღებულია გადაწყვეტილება საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანის შესახებ.

პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ, გაიხსნა პლენარული სხდომა იმავე დღის წესრიგით.

საკითხთან დაკავშირებით დეპუტატების წინაშე მოხსენებით გამოვიდა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია; კანონპროექტის ავტორის - აფხაზეთის მთავრობის სახელით, თანამოხსენება წარმოადგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა რუდიკ ცატავამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, თემურ მჟავიამ, ანზორ წოწონავამ, თამაზ ხუბუამ, ელგუჯა გვაზავამ, ზურაბ ჯგუბურიამ.

დისკუსიის დასრულების შემდეგ, პლენარულმა სხდომამ მიიღო დადგენილება საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 90-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარედგინოს საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

კენჭისყრის შედეგად უმაღლესი საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ გადაწყვეტილებას.















































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions