კარს მოგვადგა კიდევ ერთი ახალი წელი, შობის დღესასწაული.
შობისა და ახალი წლის დღეები ბუნებრივად, ტრადიციულად ითხოვს ოჯახურ სითბოსა და მშობლიურ გარემოს; ოკუპაციის პირობებში კი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ქართველობა არა ერთი ათეული წელია ამ ემოციას, ამ მტკივნეულ, მოუშუშებელ იარას ვებრძვით, მაგრამ მოთმინებით, იმედით, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით განვაგრძობთ შრომას, ქვეყნისა და საკუთარი ოჯახების, მომავალი თაობების მსახურებას და ვიღვწვით იმ ბედნიერი დღის მოლოდინით, როცა ახალ წელს იქ შევხვდებით, სადაც დავიბადეთ, სადაც გავიზარდეთ და ჩვენი შვილები და შვილთაშვილები უნდა აღიზარდონ. რწმენა იმისა, რომ ბოლოსდაბოლოს შევრიგდებით აფხაზებთან და ოსებთან, შევუნდობთ ერთმანეთს შეცდომებსა თუ დანაშაულებს, დავუბრუნდებით ჩვენს მშობლიურ, თვალწარმტაც მხარეს, საკუთარი სახლ-კარს, რომელსაც ოკუპანტის ბოროტი ძალისხმევით დიდი ხნის წინ, იარაღის ძალით მოგვწყვიტეს, კვლავინდებურად მტკიცეა. ამ რწმენას, ქვეყნის გაერთიანების მოტივაციას კიდევ უფრო აძლიერებს იმ ისტორიული ფაქტის გაცნობიერება, რომ აფხაზეთი ქართული ცივილიზაციის, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი აკვანია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თითოეულ თანამემამულეს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს, ლტოლვილებს, ემიგრანტებს, ენგურსგაღმა თუ გამოღმა მცხოვრებ აფხაზეთის ყველა მკვიდრს ამ რწმენითა და იმედით გულითადად გილოცავთ შობისა და ახალი წლის ბრწყინვალე დღესასწაულებს და მომავალი ახალი წლების შეხვედრას გაერთიანებულ, ეკონომიკურად განმტკიცებულ საქართველოში, ტკივილამდე მონატრებულ ძირძველ ქართულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ურთიერთსიკეთის განწყობითა და მშვიდობიანი თანაცხოვრების გარემოში გისურვებთ.