ალექსანდრე მიქაძე - 100

იმ გამორჩეულ პიროვნებათა შორის, რომელთაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ახალი აფხაზეთის ისტორიის შექმნაში, ბატონ ალექსანდრე მიქაძეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მისი, როგორც ჭეშმარიტი მოღვაწის საქმიანობის არეალი ისეთივე შეუზღუდავი იყო, როგორიც ენერგია, რომლითაც იგი გამოირჩეოდა.


აღნიშნო მხოლოდ ის, რომ მან საფუძველი ჩაუყარა აფხაზეთის მრეწველობის ფლაგმანს - ქარხანა „სოხუმხელსაწყოს“, შემდგომში საწარმოო გაერთიანება „ორგტექნიკას“, საკმარისი ნამდვილად არ არის, ვინაიდან მან მისი პირმშო საწარმო მაღალპროფესიონალური კადრების სამჭედლოდ აქცია და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის ტექნიკური ინტელიგენციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა პროფესიული წრთობა სწორედ რომ ქარხანა „სოხუმხელსაწყოში“ გაიარა.

ე.წ. პერესტროიკის პერიოდში საკავშირო დაქვემდებარების საწარმო რომ სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა, ამაში დიდი წვლილი მის ხელმძღვანელს მიუძღვის. ამასთან, მას ნათლად ჰქონდა წარმოდგენლი საწარმოს ხვალინდელი დღე - მისი უშუალო მონაწილეობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება დაფუძნებულიყო „ორგტექნიკის“ ბაზაზე მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული კომპანიის „ქსეროქსის“ ფილიალი სოხუმში, რასაც ჯერ საბჭოთა კავშირის დაშლამ, ხოლო შემდგომში აფხაზეთში განვითარებულმა მოვლენებმა შეუშალა ხელი.

ბატონ ალექსანდრე მიქაძის მოღვაწეობის ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქველმოქმედება გახდა. ჩამოაყალიბა საქველმოქმედო ფონდი „ქომაგი“, შეუდგა ისეთი პროგრამების განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებდა ქართული და აფხაზური, როგორც სახელმწიფო ენების მასობრივ შესწავლას, ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადებას ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, აფხაზეთის სახელოვნებო და კულტურული დაწესებულებებისათვის სხვადასხვა სახის დახმარების გაწევას და ა.შ.

ბატონ ალექსანდრე მიქაძის მიერ განვლილი ცხოვრებისეული გზა იმ ჭეშმარიტების ნათელი დადასტურებაა, რომ ცხოვრება მხოლოდ ბიოლოგიური სიცოცხლით არ განისაზღვრება, უფრო მეტად კი მის მიერ დატოვებული კვალით, რომელსაც სავალად შთამომავლობას დაუტოვებს.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions