თამაზ ხუბუას კომენტარი რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლის ზალინა კობესოვას ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით

„რუსეთის ფედერაციის ეკონომიკას რომ გასაგები საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური და მრავალმხრივი მენტალური შეზღუდვების გამო თანდათანობითი გაფარატინება ემუქრება, არახალია, თუმცა ყოველგვარი ეკონომიკის არმქონე, ვითომ რესპუბლიკა აფხაზეთის, იმედად დარჩენილი კრემლი ღიმილისმომგვრელ აქტივობებს თუ არ მოერიდებოდა (ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ მაინც) ნამდვილად არ მეგონა“ - განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლის ზალინა კობესოვას ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, - „სწორედ ასეთ, ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად გაკეთებულ ვოიაჟს, უნდა მიეწეროს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენლის, ვინმე ზალინა კობესოვას შეხვედრა გალის რაიონის დე-ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან კ. ფილიასთან და მასთან იმედისმომცემი და ხანგრძლივი (მათივე შეფასებით) ხელშეკრულების მომზადებისთვის ერთობლივი მუშაობის დაწყება, რომელიც ითვალისწინებს (გთხოვთ სკამზე თავი დაიმაგროთ, რომ არ გადმოყირავდეთ), ვციტირებ: „გალის რაიონში წარმოებული პროდუქციის რუსეთში რეალიზაციით რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის გამაგრების (!) ღონისძიებებს.“ (არ დაგავიწყდეთ, რომ საუბარია იმ გალის რაიონზე, რომლის ქართველი მოსახლეობა ფაშისტური გეტოს პირობებში ცხოვრობს.)“

„ბევრი ვიფიქრე წინამდებარე ფაქტის ადეკვატური პოლიტიკური, ეკონომიკური და ზნეობრივ-ფსიქიკური შეფასებების ზუსტი კომპლექსური დეფინიციის მოსაძებნად, და მგონია, უკეთესს ვერაფერს მოვიფიქრებდი: ვაი, თქვენს პატრონს!!!“ - აცხადებს თ. ხუბუა.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions