ჯემალ გამახარია პარლამენტში ირაკლი კობახიძის ანგარიშის მოსმენას დაესწრო



პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოხსენება მოისმინა.


პრემიერ-მინისტრის თქმით,  ქვეყნის ორ უმთავრეს ამოცანად მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად აღმოფხვრა რჩება.

 

“მომდევნო ოთხი წელი იქნება ახალი გარდამტეხი ეტაპი საქართველოს განვითარების გზაზე. ჩვენ გვაქვს ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა - სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ორივე ოცნება არის ასრულებადი, ძალიან თამამად შეიძლება ამის თქმა. მთავარია, ჩვენ ვიდგეთ ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. მჯერა, რომ 2030 წლამდე ჩვენ ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად და ერთად შევალთ ევროკავშირში, ერთად გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა,” - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უმთავრეს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტად ევროკავშირში ინტეგრაცია რჩება. ასევე, საქართველოსთვის  სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება.


“მინდა ცალკე აღვნიშნო, რომ 7 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", სადაც დაფიქსირდა რეკორდულად ყველაზე მაღალი მხარდაჭერა, - 103 ხმა მიიღო ამ რეზოლუციამ და ამისათვის, კიდევ ერთხელ, პირადად მინისტრს და საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ ჩართულ დიპლომატს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო.


ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოთაშორის დავაზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების მასობრივ დარღვევებზე. იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა. რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ამ დავის მოგება. საქართველოს ხელისუფლებამ ბოლომდე დაიცვა ჩვენი სახელმწიფოს პრესტიჟი, სახელმწიფოს ღირსება, ჩვენი ჯარის ღირსება და, რა თქმა უნდა, მომავალშიც მთელი ძალისხმევა აქეთ იქნება მიმართული”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაგრძელდა პროექტები სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვითი,  საგანმანათლებლო  და  კულტურული მიმართულებებით. ასევე გაგრძელდება აფხაზეთის რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერა.


“მშვიდობის ფონდის მეოთხე საგრანტო კონკურსის ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან 129 ბიზნესპროექტი დარეგისტრირდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მზარდ ინტერესზე მეტყველებს. დაფინანსდა 22 ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ბიზნესპროექტი. შარშან ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში უგამოცდოდ ჩაირიცხა 235 სტუდენტი. შეუფერხებლად და ეფექტიანად გრძელდება „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის" ფარგლებში სამედიცინო მომსახურების უფასოდ გაწევა. პროგრამით, საანგარიშო პერიოდში, აფხაზეთის რეგიონიდან 1200-მდე, ხოლო ცხინვალის რეგიონიდან 300-მდე ადამიანმა ისარგებლა.


მთავრობა აგრძელებს აფხაზეთის რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების მხარდაჭერასა და სტატუს-ნეიტრალური საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით, ვაქცინების, მედიკამენტების, ანტივირუსული ტესტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის რეგულარულად მიწოდებას. ამ პერიოდის განმავლობაში ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით მილიონ-ნახევარი ლარი.

 

გრძელდება აფხაზეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერა და ადგილზე მოსახლეობის დახმარება. საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით, აფხაზეთის რეგიონს გადაეცა მცენარეთა და ცხოველთა დაცვის 400 000 ლარზე მეტი ღირებულების საშუალებები.

 

გაგრძელდა 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების პროგრამა. გასული 12 თვის განმავლობაში, გადმოსვენებულ იქნა და ოჯახებს გადაეცა უგზო-უკვლოდ დაკარგული 68 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი, გაიმართა მათი სათანადო პატივით დაკრძალვის ოფიციალური ცერემონიალი - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენას მთავრობის წევრები, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელები, თბილისის მერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების მეთაურები და უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები, დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელები, საპატრიარქოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში

 




















Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions