მორიგი რუსული პროვოკაცია

ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარების“ შესახებ სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გმობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. ამასთან დაკავშირებით უმაღლესი საჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ განცხადება გააკეთა:

 

საქართველოს დამოუკიდებლობის 100-წლისთავის  იუბილეს აღნიშვნის კვალდაკვალ, კრემლმა მოსკოვში ახალი პოლიტიკური პროვოკაცია დააანონსა;  რუსეთის ზედამხედველობით სირიის არაბთა რესპუბლიკამ რუსეთის მიერ ოკუპირებული დეფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ აქტი გააფორმა.  რუსეთმა ამით კიდევ ერთხელ გამოააშკარავა თავისი აგრესიული ზრახვა - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ინსპირირებული საომარი მოქმედებების სტრატეგიული მიზანი - ჩვენი ქვეყნის ძირძველი კუთხეების, მისი განუყოფელი ნაწილების საქარველოსგან მოწყვეტა.

 

სამწუხაროა, რომ რუსეთის იმპერია ასე თუ ისე, მაინც ახერხებს საერთაშორისო თანამეგობრობის ცალკეული წევრი ქვეყნის შეცდომაში შეყვანას. ამის მკაფიო მაგალითია 1994 წლიდან საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე სირიის არაბთა რესპუბლიკის ხელისუფლებაში დღეს არსებული რეჟიმის მიერ რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, მოსკოვში საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევით გაფორმებული პოლიტიკური ფარსი.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გმობს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური პლატფორმის ზეწოლით საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ პოლიტიკურ აგრესიას,  მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ადექვატური პასუხი გასცენ გაეროს წევრ ქვეყნებს, რომლებიც უხეშად არღვევენ საყოველთაოდ აღიარებულ სამართლის ნორმებს და ღებულობენ უკანონო გადაწყვეტილებებს.


ჩვენ ვიზიარებთ და სრულად ვუჭერთ მხარს  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დაკავშირებით, - აღნიშნა ელგუჯა გვაზავამ.

 

29.05.2018წ.

თბილისი.

Печать
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions