"ომი აფხაზეთში - 30" ჯემალ გამახარიას კომენტარები 1993 წლის 16-17 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით

30 წლის წინ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მეომართა არნახული გმირობის, სარდლობის მიერ გამოჩენილი უმაღლესი დონის პროფესიონალიზმისა და თავდადების წყალობით წარმატებით მოიგერიეს სეპარატისტებს ამოფარებული რუსული რეგულარული სამხედრო ნაწილების შეტევა სოხუმზე. მტერმა სასტიკი დამარცხება იგემა.

 

დიდება სამშობლოსათვის დაცემულ გმირებს!

აქვე ვაქვეყნებთ საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 17 მარტის მიმართვას გაეროს, ევროპარლამენტს, მსოფლიო ქვეყნების პარლამენტებს და რუსეთის უზენაეს საბჭოს. საერთაშორისო საზოგადოებას რომ გაეთვალისწინებინა საქართველოს პარლამენტის ეს მიმართვა, ნამდვილად უდიდეს საფრთხეს ააცილებდნენ „როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხებს, მათ შორის - თვით რუს ხალხს, ასევე მთელ მსოფლიოსაც.“

იმედს გამოვთქვამთ, რომ აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიას 30 წლის შემდეგ მაინც მიეცემა ობიექტური შეფასება როგორც მიმართვის ადრესატების, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.




საქართველოს პარლამენტის

მ ი მ ა რ თ ვ ა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციას,

ევროპარლამენტს, მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტებს,

რუსეთის ფედერაციის უზენაეს საბჭოს


აფხაზეთში უკანასკნელი დღეების მოვლენები ადასტურებს, რომ რუსეთი აფართოებს გამოუცხადებელი ომის მასშტაბებს საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებიდან და საზღვაო ხომალდებიდან იბომბება ქ.სოხუმი და მისი შემოგარენი, რის გამოც მკვეთრად იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

1993 წლის 16 მარტს დაიწყო სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების მასირებული შეტევა ქ.სოხუმზე. ამ ოპერაციის ხასიათი და მასშტაბი აშკარად მოწმობს, რომ აფხაზ სეპარატისტებს ამოფარებული რუსეთის შეიარაღებული ძალები ხსენებულ ოპერაციაში ასრულებენ გადამწყვეტ როლს, რაც ააშკარავებს რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას საქართველოს რესპუბლიკის მიმართ.

აღნიშნული პოზიცია, აშკარად აგრესიული, იმთავითვე ნათელი იყო საქართველოს ხელისუფლებისათვის, რომელიც საქართველოს რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის კეთილმეზობლური ურთიერთობის ინტერესებიდან გამომდინარე, დღემდე თავს იკავებდა ოფიციალურად მიეცა რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკისათვის ადეკვატური კვალიფიკაცია, რათა ამით არ შეექმნა სირთულეები საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მოწესრიგებისათვის.

საქართველოს პარლამენტს მიაჩნია, რომ დადგა დრო საგნებსა და მოვლენებს თავისი სახელი დაერქვას და აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო მოქმედებების პოლიტიკური მიზანია საქართველოსაგან აფხაზეთის მოწყვეტა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. ეს კონფლიქტი კიდევ უფრო აქტუალურს ხდის საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანას.

საქართველოს პარლამენტი მიმართავს რუსეთის პარლამენტს, მის მთავრობას, რუსეთის დემოკრატიულ საზოგადოებრიობას გაითვალისწინონ ის სავალალო შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს სუვერენული სახელმწიფოს მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას.

საქართველოს პარლამენტი მიმართავს მსოფლიო საზოგადოებრიობას რეაგირების გარეშე არ დატოვონ რუსეთის აგრესიული ქმედება საქართველოს მიმართ და არ დაუშვან საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა იმპერიალისტური ამბიციებით შეპყრობილ პოლიტიკურ ძალთაგან. დარწმუნებული ვართ, რომ მსოფლიო დემოკრატიული ძალები წინ აღუდგებიან „ბოროტების იმპერიის“ აღორძინებას და ამით უდიდეს საფრთხეს ააცილებენ როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხებს, მათ შორის - თვით რუს ხალხს, ასევე მთელ მსოფლიოსაც.

თბილისი, 1993 წლის 17 მარტი.



 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions