იოანის ფაშალიდისი - მემარცხენეობის ხმა და სინდისი

 


იოანის ფაშალიდისის, ჩვენებურად - ივანე ფაშალიდის ბედი, პონტოელი ბერძნების ფართო საზოგადოებისათვის უცნობი და ტრაგიკული ისტორიის ნაწილიცაა. მე-19 საუკუნის ბოლოს, საზოგადოებრივი პროცესების დუღილმა იგი ისტორიული პონტოდან, კოლხიდაში - აფხაზეთში გადმოისროლა.

 

იოანის (ივანე) გეორგიოს (გიორგის ძე) ფაშალიდისი (ფაშალიდი) დაიბადა 1885 წლის 25 ოქტომბერს ოსმალეთში, სოფელ სანტა პონტოსში (თანამედროვე დუმანლი, გუმუშაჯიქოი, ამასიას პროვინცია, თურქეთი), გლეხის ოჯახში.

 

საშუალო განათლება მან ტფილისის რუსულ გიმნაზიაში მიიღო, სადაც 1896 წლიდან სწავლობდა. აქედან დაუკავშირდა იგი ქართველ ამხანაგებს და უკვე 1903 წლიდან, როდესაც უმაღლესი განათლების მისაღებად ოდესაში გადავიდა - ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლისას რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი გახდა, რის გამოც ვეღარ შეძლო სწავლის გაგრძელება. მორიგი დემონსტრაციისას უნივერსიტეტიდან გარიცხეს სტუდენტთა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრობის გამო.

 

იოანისმა დატოვა რუსეთის იმპერია და გერმანიაში გაემგზავრა, სადაც სცადა შეწყვეტილი უმაღლესი განათლების მიღება დაესრულებინა - 1909 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და სწავლობდა ბერლინში, თუმცა დიდხანს დამკვიდრება ვეღარ შეძლო და მხოლოდ 1910 წელს - ძმის დახმარებით შეძლო მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დასრულება, ქირურგის პროფესიით.

 

1910-იანი წლებიდან იოანის ფაშალიდისი ოჯახთან ერთად გადასახლდა სოხუმში, სადაც მუშაობდა ადგილობრივ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში და ეწეოდა სამედიცინო პრაქტიკას; მალე მისი რეპუტაცია, როგორც საუკეთესო მკურნალის - სოხუმს და აფხაზეთს გასცდა და იგი მთელ დასავლეთ საქართველოში სარგებლობდა დიდი პოპულარობით.

სოხუმი, 1910-იანი წლები. სერგეი პროკუდინ გორსკის ფოტო. აშშ კონგრესის ბიბლიოთეკა.

 

1917 წელს, რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, აფხაზეთში ქარტეხილების კვალდაკვალ იოანის ფაშალიდისი ამხანაგებთან ერთად უკვე დამოუკიდებელი - საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი გახდა.


სოხუმელი სოციალ-დემოკრატების ჯგუფი. 1918 წელი. ცენტრში, მარცხნივ - ბენია ჩხიკვიშვილი, მარჯვნივ - იოანის ფაშალიდისი. ფოტო - ეროვნული არქივი.

 

1919 წლის თებერვალში იგი არჩეული იყო აფხაზეთის ეროვნულ საბჭოში, რომელიც აფხაზეთს სტატუსის საბოლოო გამორკვევამდე, მხარის/ქვეყნის მთავარი სახელისუფლო ორგანო იყო. იოანისი აქტიურად მუშაობდა საბჭოში ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საკითხების გადაჭრისათვის, იგი ყოველთვის აფხაზეთში მცხოვრებ ერთა შორის მშვიდობიანი ურთიერთობების და დემოკრატიული პრინციპების დამცველად გამოდიოდა. აფხაზეთის ეროვნული საბჭოს მიერ იგი აღჭურვილი იყო „საგარეო ურთიერთობებში“ წარმომადგენლის მანდატით.

 

ამ დროის განმავლობაში იგი იყო სოხუმში გამოცემული ბერძნული გაზეთის - „Νέα Ζωή“(ახალი ცხოვრება) რედაქციის წევრი.

 

1919 წლის 12 მარტიდან იოანის ფაშალიდისი უკვე საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით.

იოანის ფაშალიდისის ხელმოწერა, სხვა აფხაზ დეპუტატებთან ერთად, დამფუძნებელი კრების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დადასტურებაზე. 1919 წლის 12 მარტი. ეროვნული არქივი.

 

მან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და დემოკრატიული აფხაზეთის სამსახური და ერთგულება შეინარჩუნა -1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ დატოვა ქვეყანა და ემიგრაციაში გაემგზავრა სტამბოლში.

 

1922 წელს, იგი მცირე ხნით ცხოვრობდა ბერლინში, სადაც განაგრძობდა სამედიცინო ცოდნის მიღებას.

 

1922 წლის თებერვალში, იოანისი, საქართველოს რესპუბლიკის ემიგრანტული მთავრობის და საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს მანდატით, მოხსენებით გამოვიდა სოციალისტური პარტიების პანევროპულ კონფერენციაზე, სადაც ისაუბრა ბოლშევიკების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შესახებ, მწვავედ გააკრიტიკა საბჭოთა რუსეთის ქმედებები და დელეგატებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

 

1923 წელს გადავიდა თესალონიკში, სადაც დასახლდა გარეუბან „ხარილაუში“ და მუშაობა დაიწყო „რუსულ ჰოსპიტალში“, რომელიც მალე „მაკედონიის კლინიკად“ გადაკეთდა და გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა, მრავალრიცხოვან ლტოლვილსაც ემსახურებოდა.

 

კლინიკის გარეთ ფაშალიდისი დამატებით იღებდა ავადმყოფებს; მალე პროფესიონალიზმისა და ავადმყოფებისათვის უანგაროდ დახმარების გამო მისი სახელი იმ მხარეში ცნობილი გახდა და მას „ღარიბთა ექიმი“ შეარქვეს.

 

მან თესალონიკში დააარსა „კავკასიელთა კავშირიც“.

 

იოანის ფაშალიდისი ამ დროიდან უკვე ბერძნულ პოლიტიკაშიც აქტიურად ჩაერთო - 1923 წელს კოსტას პაპატანასიუს დემოკრატიულ კავშირთან ალიანსით არჩეული იყო თესალონიკის საქალაქო საბჭოს წევრად; ამავე წელს შეუერთდა საბერძნეთის მეოთხე პარლამენტის 7 სოციალისტი დეპუტატის პოლიტიკურ ჯგუფს. 1926 წელს მონაწილეობდა არჩევნებში საკუთარი პარტიით - „სოციალისტ მუშათა, გლეხთა და ლტოლვილთა კავშირი“, თუმცა წარუმატებლად.

 

1931 წელს იოანის ფაშალიდისი საბერძნეთის სოციალისტური პარტიების ლიდერებთან ერთად გახდა „საბერძნეთის სოციალისტური პარტიის“ (ΣΚΕ) დამფუძნებელი.

 

მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური გერმანიის მიერ საბერძნეთში შეჭრის შემდეგ, სხვა სოციალისტ და ანტიფაშისტური პარტიების ლიდერების და წევრების მსგავსად, რომელთაც კოლაბორაცია არ დაიწყეს საოკუპაციო ძალასთან, დაპატიმრებული იყო და იჯდა ცნობილ - ეპტაპურგიონის (იედიყულეს) ციხეში. რამდენიმეთვიანი პატიმრობის დასრულების შემდეგ, იოანისმა გათავისუფლებისთანავე იატაკქვეშეთში გადაინაცვლა და შედიოდა ოკუპაციის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიების კოალიციის ცენტრალურ კომიტეტში.

 

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს და ბალკანეთში მიმდინარე ქრონიკული კრიზისებისას, 1945 წლის 28 აგვისტოს მისი მოკვლა სცადეს, თუმცა ტერორისტულ შეტევას გადაურჩა და განაგრძო პოლიტიკური საქმიანობა.

 

1951 წელს, იოანის ფაშალიდისი როგორც „საბერძნეთის სოციალისტური პარტიის“ წარმომადგენელი, EDA-ს (ΕΔΑ) „გაერთიანებული მემარცხენე დემოკრატების“ (მანვე უწოდა ალტერნატიული სახელი αυγή - „აისი“) ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე გახდა.

 

1952 წლიდან 1964 წლამდე ამავე პარტიის სიით იყო საბერძნეთის პარლამენტის რიგი მოწვევების წევრი.

იოანის ფაშალიდისი - საბერძნეთის პარლამენტის დეპუტატი.

 

1967 წლის 21 აპრილს საბერძნეთში სამხედრო გადატრიალებისა და „შავი პოლკოვნიკების“ შვიდწლიანი დიქტატორული რეჟიმის დამყარების შემდეგ იოანის ფაშალიდისი შინაპატიმრობაში ცხოვრობდა თესალონიკში და შინაპატიმრობაშივე გარდაიცვალა 1968 წლის 14 მარტს, საკუთარ სახლში. ოჯახმა დიდი რისკის ფასად მოახერხა მისი პოლიტიკური, დოკუმენტური მემკვიდრეობის შენარჩუნება.

იოანის ფაშალიდისის დამფუძნებელი კრების დეპუტატის წიგნაკი. იოანის ფაშალიდისის სახლ-მუზეუმი.

 

იოანის ფაშალიდისი დაკრძალულია თესალონიკში. მის სახლში დღესაც მცირე სახლ-მუზეუმი მოქმედებს - ხოლო მისი ფიგურა თანამედროვე საბერნეთის მემარცხენე მოძრაობისათვის "დამფუძნებელ მამათა" სიაში საპატიო ადგილზე დგას და მას ხშირად მოიხსენებენ ეპითეტით - "მემარცხენეობის/მემარცხენეთა ხმა და სინდისი".

მშობლიურ აფხაზეთში, იოანისის სახელი ცოტას თუ ახსოვს. საქართველოს დამფუძნებელი კრების მემორიალური ალბომმა სოხუმშიც დაიდო ბინა და აფხაზეთის ბერძენი დეპუტატის სახელი კვლავ დაბრუნდება აფხაზური საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებაში.

 



საქართველოშიც - ივანე ფაშალიდის სახელს და მემკვიდრეობას იმედია დამფასებლები გამოუჩნდებიან და არ იქნება ურიგო თუ მას საქართველოს და საბერძნეთის სახელმწიფოთა მეგობრობის და თანამშრომლობის სიმბოლოდ წარმოვიდგენთ.

 

 

კვლევაზე მუშაობისას გაწეული დახმარებისათვის მადლობას ვუხდით:

 

მაიკლ ბაბაიანს (სომხეთის ახალგაზრდა ისტორიკოსთა კავშირი), ირმა იანტბელიძეს და იოანის ნოსირიოსს.


ავტორი : ირაკლი ხვადაგიანი

http://archive.ge

Print
Biography
Calendar
«« December 2024 »»
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
Photo Gallery
ვიდეო
You must have Flash Player installed in order to see this player.
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions