დღეს გენო კალანდიას დაბადების დღეა – კაცის, რომელიც „იყო... ცხოვრობდა... წერდა.... უყვარდა...."

გენო კალანდია სამი წლის წინ, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს მას ოთხმოცდაერთი წელი შეუსრულდებოდა. მიუხედავად არცთუ მცირე ასაკისა, ის თანამედროვეთა წარმოსახვას მუდამ ახალგაზრდული ენერგიის, მებრძოლი სულის პოეტად, საზოგადო მოღვაწედ, ეროვნული მოძრაობისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მუხლჩაუხრელ მეომრად შემორჩება, რადგან მისი მამულიშვილობა, მტკიცე შინაგანი ბუნება, ხასიათი, ომახიანი ხმა, შთამბეჭდავი გარეგნობა და ფერწერული პოეზია სიბერისა და ხანდაზმულობისაგან ძალიან შორს იყო.

 

გენო კალანდიამ სრულიად ახალგაზრდამ დაუკავშირა თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა აფხაზეთს. 1960-1962წწ. მუშაობდა სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობად; 1964-1966წწ.  აფხაზეთის რადიოს დიქტორად; 1966-1970წწ. იყო სოხუმის რაიონული გაზეთის კორესპონდენტი; 1970-1974წწ. აფხაზეთის საოლქო გაზეთის კორესპონდენტი;


ბატონი გენო, როგორც პოეტი აფხაზეთში დაიბადა; 1966 წელს, მან იქ გამოსცა თავისი პირველი პოეტური კრებული სახელწოდებით „ცა და ფოთლები“ და შემდგომ, სოხუმის დაცემამდე პოეზიის მუზას იქვე ერთგულობდა.


აფხაზეთმა შვა გენო კალანდია როგორც პატრიოტი; 80–იანი წლებიდან, როცა ის აფხაზეთის ქართველ მწერალთა თავკაცი გახდა, ქართული ეროვნული მოძრაობის ერთ–ერთ გამოკვეთილ ლიდერად ჩამოყალიბდა და  ღიად, მაგრამ ყოველგვარი აგრესიის, გაბოროტების გარეშე დაუპირისპირდა აფსუურ სეპარატისტულ მოძრაობას და რუსეთის შოვინისტურ პოლიტიკას. გენო კალანდია თანამებრძოლებთან ერთად ყველა მისაღები ხერხით და მეთოდით იცავდა საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ასე იყო 1989 წლის 9 აპრილის თუ 15–16 ივლისის ბატალიების პერიოდშიც.


როგორც მისი თანამოაზრეები იგონებენ, აფხაზეთის ომის საწყის ეტაპზე გენო კალანდიამ ითავა აფხაზური სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლების შეკრება და შეეცადა შერიგების კამპანიის გამართვას. საომარი მოქმედებების პირობებშიც იგი ბოლომდე დაიხარჯა ქართულ-აფხაზური ისტორიული ძმობისა და ერთობის აღდგენისათვის. სწორედ ამას ემსახურებოდა დაპირისპირების მძიმე დღეებში ბატონი გენოს ინიციატივა – ცნობილი აფხაზი თავადის, საქართველოს ერთიანობის ბურჯის – გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის შემოღების თაობაზე.


აფხაზეთის ომის ქარცეცხლიან დღეებში მკვეთრად გამოვლენილი პატრიოტული და ჰუმანური პოზიციების გათვალისწინებით, გენო კალანდია 1992 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტის წევრად აირჩიეს. ამის შემდეგ მას ხშირად უწევდა თბილისში ყოფნა, მაგრამ კრიტიკული ვითარების ჟამს იგი ყოველთვის  ახერხებდა საკუთარი ამომრჩევლების გვერდში დგომას. გენო კალანდიას ბოლო წუთამდე არ დაუტოვებია მშობლიური სოხუმი. სხვებთან ერთად ფეხით გამოიარა ჭუბერის გოლგოთა და ახსოვთ დევნილებს, სიკვდილ–სიცოცხლის იმ  გზაზე ამოქმედებული სახელმწიფო კომისიის წევრის სტატუსით იქიდან, როგორი შეუვალობით და კატეგორიულობით მოუწოდებდა ხელისუფლებას ხალხის გადასარჩენად.


გენო კალანდიას მცირე ხნით ავადმყოფობისა და მოულოდნელად სწრაფად გარდაცვალების შემდეგ, არა ერთხელ აღუნიშნავთ, რომ „მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორი თავდადებით უნდა ემსახურო საკუთარ ხალხს და სამშობლოს. ის, როგორც ჭეშმარიტი შემოქმედი და პოეტი, ყოველთვის იმყოფებოდა ბრძოლის წინა ხაზზე. მისი ომახიანი ხმა აფხაზეთის ომის დღეებში, ჭუბერის გოლგოთის გზაზე, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან თუ მისი პოეტური კრებულებიდან, ყველგან და ყოველთვის ჟღერდა, როგორც გამამხნევებელი, უკეთესი მომავლის რწმენისა და სულის სიმტკიცის შენარჩუნებისაკენ მოწოდების ზარი“.


გენო კალანდია ყველა ეტაპზე ცდილობდა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მიეწოდებინა ოპტიმალური იდეები, მოსაზრებები აფხაზეთის პრობლემატიკასთან, ამ თუ იმ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მის ავტორიტეტს აღიარებდნენ და ანგარიშს უწევდნენ მაღალნი ამა ქვეყნისანი და არა ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარებულა ბატონი გენოს ძალისხმევით.


კალანდიების გამორჩეული პოეტური ოჯახის თავკაცი – სამძმათაგან უფროსი, ქართული კულტურითა და ლიტერატურით, პოეზიით სულდგმულობდა. მის ნიჭს მაღალ შეფასებას აძლევდნენ და მასთან მეგობრობდნენ ქართული ლექსის კორიფეები.


გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია, მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებად არის გამოცემული რამდენიმე ენაზე.


ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ადამიანური ურთიერთობებითაც გამოირჩეოდა. მიუხედავად მრავალმხრივი დატვირთვისა, ის ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყო, რასაც არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრები, მრავალრიცხოვანი სამეგობრო და ძველი თუ ახალი თაობის შემოქმედნი ხაზგასმულად აღნიშნავენ.


გენო კალანდიას ბიოგრაფიული სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: დაიბადა სოფელ შამგონაში, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის ჟურნალისტიკის საკავშირო უმაღლესი კურსები, შემდგომ სოხუმის დაცემამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სოხუმში, არის სამი ქალიშვილის მამა;


გენო კალანდია იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი(1992–2004წწ), საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მთელი შემადგენლობა, გენო კალანდიას ოჯახის წევრები, უახლოესი მეგობრები და თანამოაზრეები, აფხაზეთის საზოგადოებრიობა, ყველა, ვისაც მთელი საქართველოს მასშტაბით ერთხელ მაინც ჰქონია შეხება გენო კალანდიასთან და მის პოეზიასთან, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული კრიზისისა და ფსიქოლოგიურად დაძაბული ვითარებისა, გულწრფელი პატივისცემით და გაუნელებელი გულისტკივილით იგონებენ დღეს ადამიანს, რომლის მთელი შეგნებული ცხოვრება და პოეტური შემოქმედება სამშობლოს სიყვარულით, ქვეყნის გაერთიანებისკენ სწრაფვით, აფხაზ და ქართველ თანამემამულეებზე ფიქრით იყო აღბეჭდილი... დღეს გენო კალანდიას 81 წელი შეუსრულდებოდა, ჭეშმარიტ პოეტს, რომელმაც საკუთარ ეპიტაფიად ლექსი ასე მარტივად და უპრეტენზიოდ დაასრულა: „იყო... ცხოვრობდა... წერდა.... უყვარდა....".


იხილეთ ბმული: https://youtu.be/J63_GDZGpnU
































































































































































































































 

 

 







































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions