27 ნოემბერს,
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ დაწესებული ალექსანდრე (საშა) ბერულავას
სახელობის ჟურნალისტური პრემიის 2026 წლის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საღამოს
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ეკა წივწივაძე უძღვებოდა.
ღონისძიებას
ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ
გამახარია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს
აპარატის თანამშრომლები, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, მთავრობის
წევრები, საშა ბერულავას ოჯახის წევრები, კოლეგები და მეგობრები.
დამსწრე
საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ალექსანდრე ბერულავას ღვაწლზე ისაუბრა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეკრებილმა სტუმრებმა ასევე იხილეს ვიდეოფილმი, სადაც საშა ბერულავას კოლეგებმა, მეგობრებმა
და ჟურნალისტიკის სფეროს წარმომადგენლებმა სახელოვანი ჟურნალისტის მოღვაწეობასა და
პრემიის წლევანდელ ნომინანტებზე ისაუბრეს
ცერემონიაზე
ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის 2026 წლის ლაურეატები
დაჯილდოვდნენ. ნომინაციაში საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში გაიმარჯვა
ნატო კორსანტიამ. აფხაზეთის თემაზე მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობის, ჟურნალისტური
პროფესიონალიზმისა და ამ მიმართულებით გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის პრემია გადაეცა
თამაზ ჩოჩიას. აფხაზეთის ომის ისტორიული კადრების აღბეჭდვისა და შენარჩუნებისთვის,
ქართული ისტორიული მეხსიერების წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის დაჯილდოვდა
გურამ გორელიშვილი. ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პროფესიული
თავდადებისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმიანობისთვის ჯილდო გადაეცა ხუტა ახალაიას,
რომლის ღვაწლსა და პროფესიულ საქმიანობაზეც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ჯემალ გამახარიამ
მიმართა. ნომინაციაში ჟიურის სპეციალური აღნიშვნა გამორჩეული ხედვისა და თემის მიმართ
განსაკუთრებული დამოკიდებულებისთვის მარიამ ქარჩავა-შარტავა დაჯილდოვდა.
წელს ქართველ
ჟურნალისტს 81 წელი შეუსრულდებოდა. აფხაზეთში ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორი
1945 წელს სოხუმში დაიბადა. ალექსანდრე ბერულავას ხსოვნის პატივსაცემად, აფხაზეთის
საინფორმაციო-ანალიტიკურმა ცენტრმა დააწესა მისი სახელობის ჟურნალისტური პრემია.
ალექსანდრე
(საშა) ბერულავა გახლდათ ქართველი ჟურნალისტი, მწერალი, აფხაზეთში ქართული ტელევიზიის
ერთ-ერთი დამფუძნებელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურისა
და სამხედრო პრესცენტრის უფროსი. იგი სოხუმის დაცემის დღეს, 1993 წლის 27 სექტემბერს
გმირულად დაიღუპა. 2018 წელს მას, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის
ორდენი მიენიჭა.