მიმდინარე
წლის 19 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა სამუშაო ვიზიტით ქალაქ წყალტუბოში იმყოფებოდა,
სადაც აფხაზეთიდან დევნილი ქორეოგრაფის, გიორგი რეხვიაშვილის ანსამბლ „ფესვებისთვის“
სახელობითი ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას დაესწრო და ანსამბლის ხელმძღვანელს უწყების
ჯილდოები გადასცა.
საქართველოს
კულტურის პალატის გადაწყვეტილებით მინიჭებული სახელობითი ვარსკვლავი ანსამბლის ოთხსართულიანი
სტუდიის ეზოში გაიხსნა. ღონისძიებაზე ანსამბლმა დამსწრე საზოგადოების წინაშე რამდენიმე
ქორეოგრაფიული ნომერი წარმოადგინა.
ცერემონიის
ფარგლებში თამაზ ხუბუამ გიორგი რეხვიაშვილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს გადაწყვეტილებით მინიჭებული საპატიო სიგელი და მედალი გადასცა. აღნიშნული ჯილდოები
მას ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის, აფხაზეთიდან
დევნილი ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენის, მომავალი თაობის ეროვნული
ფასეულობების პატივისცემის სულისკვეთებით აღზრდისა და ქართული კულტურის წინსვლის საქმეში
შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა.
გიორგი რეხვიაშვილი
16 წლის ასაკიდან ეწევა ქორეოგრაფიულ საქმიანობას. ამჟამად მისი სტუდია 400-მდე აღსაზრდელს
აერთიანებს. იგი ეროვნული და საერთაშორისო ფესტივალების არაერთგზის ლაურეატია,
2026 წელს კი ახალგაზრდა შემოქმედთა ფედერაციის მიერ „ფესვები“ წლის საუკეთესო ანსამბლად
დასახელდა; ამავე წლის მაისში ანსამბლმა წყალტუბოს საკონცერტო დარბაზ „ივერიაში“ სოლო
კონცერტი ანშლაგით ჩაატარა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე კახაბერ მარკოიშვილი, იმერეთის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე გია ტყვაცირია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტის უფროსი ნათია კოპალიანი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქორეოგრაფიული საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან.