მიმდინარე წლის 20 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

სხდომის დასაწყისში უმაღლესი საბჭოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გუშინ, 19 ნოემბერს, ზემო ფონიჭალაში მრავალბინიან კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად დაღუპულებს.

პრეზიდიუმმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილა: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგლამენტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ და უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (წერილი №3412/შ, 13.11.2026 წ.) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის გამოთხოვის თაობაზე. აღნიშნულ საკითხებზე პრეზიდიუმმა შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ დამატებით წამოაყენა წინადადება რეგლამენტში კომიტეტების კვოტებთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის შესახებ. პრეზიდიუმმა მხარი დაუჭირა აღნიშნული ცვლილების განხილვის პროცედურის დაწყებას.

სხდომის დასასრულს თამაზ ხუბუამ კოლეგებს 19 ნოემბერს წყალტუბოში სამუშაო მივლინების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მივლინების ფარგლებში იგი დაესწრო აფხაზეთიდან დევნილი ქორეოგრაფის, გიორგი რეხვიაშვილის ანსამბლ „ფესვებისთვის“ სახელობითი ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას, რომელიც ანსამბლის სტუდიის ეზოში გაიმართა. ანსამბლის ხელმძღვანელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით საპატიო სიგელი და მედალი გადაეცა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, ქორეოგრაფიული საზოგადოებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

გალერეა

სხვა სიახლეები