მიმდინარე წლის 17 ნოემბერს აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და უმაღლესი
საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ
მგალობლიშვილი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტგალერეაში
გამართულ ხელოვნების, მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეთა სახელობის სტიპენდიატების
დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ.
ღონისძიებაზე,
რომელიც სტუდენტთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, 15 წარმატებული დევნილი სტუდენტი დაჯილდოვდა.
სტიპენდიატებს კუთვნილი სტიპენდიები, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის
მინისტრმა გიორგი ძაძამიამ და მსოფლიო საოპერო ვარსკვლავმა, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძემ
გადასცეს.
საკანონმდებლო
და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ცერემონიაზე იმყოფებოდნენ
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვიცე-რექტორი ნინო კასრაძე, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების რექტორები, აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები.
დაჯილდოების
ფარგლებში სტიპენდიატებმა აუდიტორიას საკუთარი შემოქმედება გააცნეს, მოეწყო ციფრული
გამოფენის ჩვენება და პრეზენტაციები.
მიმდინარე
წელს, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და მიღწეული შედეგების მიხედვით შერჩეული სტუდენტებიდან,
სახელოვნებო მიმართულების სტიპენდია განსაკუთრებული ნიჭისა და მიღწევების მქონე 9 სტუდენტს
დაენიშნა (გურამ ყურაშვილის, დიმა ჯაიანისა და ალექსანდრე შერვაშიძის სახელობითი სტიპენდიები
წელს პირველად დაწესდა), 3 სტუდენტი დიმიტრი ემუხვარისა და ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიატი
გახდა, ხოლო აფხაზეთიდან დევნილი 3 პირველკურსელი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეული
საუკეთესო შედეგებისთვის დაჯილდოვდა.
სახელობითი
სტიპენდია ერთი სასწავლო წლის (10 თვის) განმავლობაში ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით
გაიცემა.