მიმდინარე
წლის 11 ნოემბერს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის
და პლენარული სხდომები ჩატარდა, რომლებსაც
თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
უმაღლესი
საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი: აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თენგიზ ნასარიძის ინტერპელაციის
წესით მოსმენის შესახებ.
სხდომის
მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის
მინისტრი თენგიზ ნასარიძე, მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია, მინისტრის
მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე, პრესსამსახურის წარმომადგენელი ნინო ჩარკვიანი.
მინისტრმა
პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს,
რომლებიც შეეხებოდა: იძულებით
გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობას, ამ მიმართულებით
შემუშავებული პროგრამების დაფინანსების ზრდასა და მონიტორინგს; აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2025-2028 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის
პრიორიტეტების შესახებ, ასევე მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პარამეტრების ამჟამინდელი
მაჩვენებლების შესახებ.
პირველ საკითხთან
დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის ფინანსთა
და ეკონომიკის სამინისტრო ხელს უწყობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ
სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას, ამ საქმიანობის ფარგლებში გაერთიანებულია სამი
ძირითადი კომპონენტი: მიკრომეწარმეობის ხელშეწყობა; ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამული
უზრუნველყოფის დანერგვის თანადაფინანსება; საოჯახო და მცირე ზომის სასტუმროების მართვის
პროგრამული უზრუნველყოფის თანადაფინანსება. მინისტრის განცხადებით, 2026 წელს, დღეის
მდგომარეობით, მიღებულია 20 ბენეფიციარის განაცხადი, ხოლო შესაბამისი ქვეპროგრამის
ფარგლებში იგივე ბენეფიციარებზე გაცემულია გრანტი. რაც შეეხება მონიტორინგს, სამინისტრო,
შესაბამისი პროცედურული სახელმძღვანელოს საფუძველზე, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში
ახორციელებს მის მიერ ადმინისტრაციული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მონიტორინგს,
განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
მინისტრმა
ასევე ისაუბრა რესპუბლიკური ბიუჯეტის 2025-2028 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო
გეგმის პრიორიტეტების საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებაც. აღინიშნა,
რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის
2025-2028 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების პროგრამული დანართით
განსაზღვრული მაჩვენებლები შედგენილ იქნა 2024 წელს და წარმოადგენს საშუალოვადიან საპროგნოზო
პარამეტრებს, რომლებიც წლიური ბიუჯეტის ფორმირების ეტაპზე ექვემდებარება დაზუსტებას.
მინისტრი ასევე შეეხო ადმინისტრაციული პროგრამების განხორციელების სხვადასხვა ასპექტს.
კერძოდ, მიმდინარე წელს აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით და მხარდაჭერით
საქართველოს მასშტაბით გამართულ 34 სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
384-მა დევნილმა მეწარმემ. გარდა ამისა, თბილისში მდებარე არტგალერეაში მოეწყო მუდმივმოქმედი
„აფხაზური კუთხე“, სადაც წარმოდგენილია დევნილი მეწარმე ქალების მიერ შექმნილი ხელნაკეთი
პროდუქცია, რაც ხელს უწყობს პროდუქციის პოპულარიზაციას და რეალიზაციის შესაძლებლობების
გაფართოებას, აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.
სხდომის
მსვლელობისას დამაზუსტებელი შეკითხვები დასვეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ყოლბაიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში
კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ,
საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ
ჯგუბურიამ, მოადგილემ ნუგზარ მგალობლიშვილმა.
სხდომის
მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.
მან მადლობა გადაუხადა მინისტრს ამომწურავი ინფორმაციისთვის და დადებითად შეაფასა ინტერპელაციის
წესით მისი მოსმენა.
სხდომა ნაწილობრივ
დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.