2026 წლის 3 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტმა მორიგ
სხდომაზე განიხილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილი
კანონპროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის
შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
საკითხი კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ წარადგინა.
კანონპროექტი ითვალისწინებს საბიუჯეტო სახსრების გადანაწილებას
რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების საერთო მოცულობის ფარგლებში. პროექტის მიხედვით,
იზრდება ჯანმრთელობის დაცვის, დევნილთა სოციალური მხარდაჭერისა და დროებითი საცხოვრებლით
უზრუნველყოფის, კულტურის, სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის განვითარების ცალკეული პროგრამების
დაფინანსება. ამავე დროს, მცირდება ცალკეული უწყებების აპარატების, განათლების, კულტურისა
და სპორტის ზოგიერთი პროგრამისა და დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი
სამუშაოებისთვის გათვალისწინებული დაფინანსება.
პროექტი ასევე აზუსტებს დევნილ მეწარმეთა მხარდაჭერის მიმართულებებს.
კომიტეტის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს პროგრამების დაფინანსების ზრდისა და შემცირების
დასაბუთებაზე. მსჯელობა ასევე შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში განათლების მხარდაჭერას,
მათ შორის გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო დაწესებულებებთან დაკავშირებულ
საკითხებს.
სხდომაზე ყურადღება გამახვილდა მომავალი წლის ბიუჯეტის
დაგეგმვაში უმაღლესი საბჭოს კომიტეტებისა და ფრაქციების კოორდინირებული მონაწილეობის
მნიშვნელობაზე. ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, საჭიროა კონკრეტული წინადადებების მომზადება
და შესაბამის სამინისტროებთან თანამშრომლობა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მათი განხილვის
მიზნით. ამ მიმართულებით კომიტეტებისა და ფრაქციების ერთობლივი შეხვედრის გამართვის
საკითხიც დაისვა.
განხილვის შედეგად, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრებმა
კანონპროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი და რეკომენდაცია გაუწიეს მის განხილვას უმაღლესი
საბჭოს პლენარულ სხდომაზე.